საკონსტიტუციო სასამართლო

პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში მერაბ ტურავას ფიცის დადებას დაესწრო

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის, მერაბ ტურავას მიერ ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო.

პრეზიდენტთან ერთად, ცერემონიალს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაესწრნენ.

„მე ჩამოვედი ბათუმში იმისათვის, რომ ჩემი პატივისცემა გამოვხატო საკონსტიტუციო სასამართლოსა და ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტში ახალი მოსამარლის განწესების მიმართ. ვულოცავ ბატონ მერაბ ტურავას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას. მიმაჩნია, რომ ის განსაკუთრებული როლი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო თამაშობს ქვეყნის გამართულ ფუნქციონირებაში, კიდევ უფრო გაღრმავდება მისი მონაწილეობით ამ უმნიშვნელოვანეს სტრუქტურაში“, - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

მერაბ ტურავა 20 მარტს საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით ერთის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტის კვოტით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე აირჩია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თანამდებობის დაკავებამდე ფიცს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანდასწრებით დებს.

კომენტარები