მთავრობის სხდომა

პრემიერი: ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთავრობის მიმართ ნდობა იზრდება

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთავრობის მიმართ ნდობა იზრდება". პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობის გაზრდის თაობაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები შეაფასა და აღნიშნა, რომ არსებული მაჩვენებლები სწორედ მთავრობისადმი ინვესტორთა ნდობაზე მიუთითებს. 

"მინდა, გამოვეხმაურო იმ სტატისტიკურ ინფორმაციას, რაც გუშინ გამოქვეყნდა. საქართველოში 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. ეს გახლავთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემები. ეს იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ რეგიონში არსებულ ურთულეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას, რაც პრაქტიკულად შეეხო ყველას. სწორედ ამ ფონზეა განსაკუთრებით აღსანიშნავი ინვესტიციების შემოსვლის ზრდის ტენდენცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობა იზრდება, ჩვენი მთავრობის მიმართ, რაც არის ძალიან კარგი ნიშანი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს მდგომარეობას, რომელიც არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ რეგიონში არის. გასული წელი მართლაც პოზიტიური იყო. ვნახეთ, რომ ზრდა ყველა სფეროში იყო. მე მქონდა საუბარი, კომუნიკაცია გვაქვს მუდმივი ბიზნეს სექტორთან რომლებიც აცხადებენ რომ გასული წელი იყო ყველაზე წარმატებული ბოლო 5 წლის განმავლობაში მათთვის. ყველაზე მეტად შემოსავლიანი წელი იყო. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, რომელიც რეგიონში არის. უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, ბუნებრივია, ჩვენთანაც. ის კი არა, მთელი ევროპა განიცდის დღეს კრიზისს. ასე რომ, ჩვენ სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღევანდელი ტელევიზიების უმეტესი ნაწილი ამას პირიქით ხელს უწყობს, რომ განსხვავებულად წარმოაჩინოს რეალობა და ხალხს არ აუხსნას, თუ რა ხდება რეგიონში და წარმოაჩინოს სიტუაცია, თითქოს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არის რთული ვითარება. რაც მიმაჩნია, რომ არის ძალიან დიდი ტყუილი და მას სჭირდება კარგი ახსნა-განმარტება", - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები