თბილისის საკრებულო

ნარმანია: ასეთი ცალკეული მიწვევები ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია

თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის და საკრებულოში მისი მისვლის მოთხოვნას გამოეხმაურა. ნარმანიას განცხადებით, ის არც თავისუფალი დემოკრატების ინიციატივას იღებს და არც ფრაქციის სხდომაზე მისვლას გეგმავს. თბილისის მერი აცხადებს, რომ ის კანონმდებლობის მიხედვით, აპრილის დასაწყისში წარდგება საკრებულოს წინაშე.

„გუშინ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესით, აპრილის დასაწყისში წარვსდგები თბილისის საკრებულოს წინაშე. ამიტომ ცალკეული ასეთი მიწვევები ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია. როცა მივალ თბილისის საკრებულოში, ვისაუბრებ იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა, რა გავაკეთეთ და რა გეგმები გვაქვს 2015 წლის განმავლობაში”, - განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში დავით ნარმანიას დაბარებისთვის საკმარისი ხმები ვერ შეგროვდა. მოთხოვნის ავტორი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იყო, მას სამი ხმა დააკლდა. ელისაშვილის მოთხოვნას არ შეუერთდნენ თავისუფალი დემოკრატები, რის ერთადერთ მიზეზადაც პროცესში ნაციონალური მოძრაობის ჩართვა დასახელდა. დღეს გამართულ ბრიფინგზე თავისუფალმა დემოკრატებმა დავით ნარმანია ფრაქციის სხდომაზე დაიბარეს.

თბილისის საკრებულოს წევრები დავით ნარმანიასგან განმარტებებს საკადრო ცვლილებებისა და მერიაში გამოვლენილ ქრთამის აღების ფაქტებზე ითხოვდნენ.

კომენტარები