დაპირისპირება კოალიციაში

კვაჭანტირაძე: ახვლედიანმა საკმარისზე მეტად გადააჭარბა თავის უფლებამოსილებებს

cp.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე თვლის, რომ ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა არმაზ ახვლედიანმა თავისი განცხადებით უფლებამოსილებას გადააჭარბა. ახვლედიანის განცხადებით, პოლიტსაბჭო და პრემიერმინისტრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს უჭერენ. მისივე თქმით, თუ დეპუტატები არ დაემორჩილებიან პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, მათ მიმართ შესაძლოა, დისციპლინარული სასჯელი, მათ შორის სანქციებიც ამოქმედდეს.

"ბატონმა არმაზ ახვლედიანმა საკმარისზე მეტად გადააჭარბა თავის უფლებამოსილებებს ასეთი მკვახე და აბსოლუტურად უადგილო განცხადების გაკეთებით. ამაზე საუბარი გვქონდა და ალბათ დავაყენებთ საკითხს, რომ ბატონმა არმაზ ახვლედიანმა საქართველოს პარლამენტის წევრების წინაშე განმარტოს, რატომ გააკეთა ასეთი განცხადება. თუ არადა, პირიქით, ალბათ, როგორც შევატყვე, გაერთიანდა დღეს მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ პირიქით არმაზ ახვლედიანს მოვკითხოთ იქეთ, რამ აიძულა ასეთი აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადებების გაკეთება", - თქვა კვაჭანტირაძემ.

კომენტარები