დაპირისპირება კოალიციაში

ხუნდაძე არმაზ ახვლედიანისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

რეპორტიორი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ქართული ოცნების პოლიტიკურ მდივან არმაზ ახვლედიანისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ამის მიზეზად ხუნდაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით ახვლედიანის განცხადებას ასახელებს. დეპუტატი თვლის, რომ განცხადება დეპუტატებისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

"გადაწყვეტილება და რეკომენდაცია პოლიტსაბჭოსგან, რა თქმა უნდა, გასთვალისწინებელია, მაგრამ თითოეული დეპუტატის გადაწყვეტილება მათი უფლებაა, ვალდებულება და მოვალეობაც. ამიტომ ვფიქრობ, ეს განცხადება იყო შეურაცხმყოფები თითოეული დეპუტატისთვის. ჩემი რჩევა იქნება, არმაზ ახვლედიანმა მოიხადოს ბოდიში თითოეული დეპუტატის მიმართ. ასეთი დამოკიდებულება არის არაკოლეგიალური. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას და არა ძალადობრივს, სადაც სანქციები იქნება გამოყენებული დეპუტატების მიმართ", - თქვა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, არმაზ ახვლედიანმა მაესტროს ეთერში თქვა, რომ პოლიტსაბჭო და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს უჭერენ. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დეპუტატები არ დაემორჩილებიან, მათ წინააღმდეგ სანქციები დაწესდება.

კომენტარები