ლარის კურსის ვარდნა

ივანიშვილი: სავალუტო კრიზისამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მიგვიყვანა

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე". მისი განცხადებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური რეზერვების მხოლოდ 5%-მდე დახარჯა, რაც შედეგს ვერ გამოიღებდა. ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ "ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს". ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებელი მოუწოდებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, "შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები". ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც საზოგადოება 20/30-მა გამოაქვეყნა, უცვლელად გთავაზობთ.

"2014 წლის შემოდგომიდან ლარის კურსთან დაკავშირებული მოვლენები სწორედ იმ საგარეო ფაქტორების ზეგავლენის ადეკვატურად განვითარდა, რაც რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკებისთვისაც დამახასიათებელია. სავალუტო კურსზე დიდი ზეგავლენა მოახდინა დოლარის გამყარებამ თითქმის ყველა ვალუტის, მათ შორის, ევროს მიმართ და რეგიონში შექმნილმა რთულმა ეკონომიკურ-პოლიტიკურმა ვითარებამ. 

მიმაჩნია და ეს მოსაზრება სრულად შეესაბამება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პოზიციას, რომ საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც ეკონომიკისათვის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმია. შესაბამისად, კურსის ცვლილება ხდებოდა ხან ერთი და ხან მეორე მიმართულებით, გაუფასურებას მოჰყვებოდა გამყარება და პირიქით. ლარის კურსის მერყეობა ჯდებოდა სტაბილური ვალუტებისათვის დამახასიათებელი მერყეობის პარამეტრებში და ეს იყო ჯანსაღი რეაქცია საგარეო ეკონომიკური გარემოებების ცვლილებაზე. 

საქართველოს მთავრობამ სწორედ იმ მიზნით, რომ შეემსუბუქებინა საგარეო ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენა, გატარებული ფისკალური პოლიტიკით, 2014 წელს შეამცირა ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი 3.9%-იდან 2.9%-მდე (300 მლნ. ლარი). 

როგორც ვნახეთ, წინა წლის ბოლოს და 2015 წლის იანვარში მოხდა ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურება და საგარეო ფაქტორებისგან გამოწვეულ გარემოებებთან მიმართებაში მეტ-ნაკლებად ადეკვატურ ნიშნულზე დაფიქსირება. 

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები კი აშკარად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ქვეყანაში შექმნილ არასწორ მოლოდინებთან, სპეკულაციურ გარიგებებთან და აჟიოტაჟთან, რომლის შექმნასაც დიდი მონდომებით ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი "ექსპერტები", რომლებიც ყოველგვარი ანალიზისა და დასაბუთების გარეშე ხელს იშვერენ მთავრობისკენ, მაშინ როდესაც ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს ეროვნული ბანკი. 

სწორედ ეროვნული ბანკის კომპეტენცია და პირდაპირი მოვალეობა იყო სიტუაციის სწორად მართვა, რათა საქმე არ მისულიყო არაადეკვატურ განვითარებამდე. ჩვენ კი დავინახეთ საწინააღმდეგო, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით მიგვიყვანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე. 

ვალუტის კურსის ნახტომისებური ცვლილების თავიდან აცილების მიზნით რეგიონის სხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიღეს (სომხეთი - 34%, მოლდოვა - 30%), რამაც დღეისთვის მათი ვალუტების სტაბილურობის ტენდენცია განაპირობა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი ოფიციალური რეზერვების მხოლოდ 5%-მდე (120 მლნ დოლარი) დახარჯა, რაც შედეგს ვერ გამოიღებდა და ვერც გამოიღო. 

ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ უზრუნველყოს მცურავი კურსის პირობებში ეროვნული ვალუტის დასტაბილურება. ყველა ობიექტური ფაქტორის გათვალისწინები, დღეს ლარის გაცვლითი კურსი არ უნდა აღემატებოდეს 2.0 ლარს და მოვუწოდებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა და გადადგას ადეკვატური ნაბიჯები", - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობა გასული წლის მანძილზე $124 მილიონით შემცირდა და მან 2014 წლის ბოლოსთვის $2,677 მილიარდი შეადგინა. სავალუტო რეზერვების შემცირება ლარის დასტაბილურების მიზნით სებ-ის მიერ განხორციელებულმა ინტერვენციამ გამოიწვია. 2014 წელს სულ ეროვნულმა ბანკმა ლარის დასტაბილურების მიზნით $300 მილიონი გაყიდა, 2014 წელს ეროვნული ბანკის ინტერვენცია ორჯერ მოხდა, პირველად ეს 2014 წლის დასაწყისში იყო, როდესაც ბანკმა 2013 წელს დაწყებული გაუფასურების შესაჩერებლად გაყიდა უცხოური რეზერვები, მეორედ კი მაშინ, როდესაც 2014 წლის ნოემბერში ეროვნულმა ვალუტამ კვლავ დაიწყო გაუფასურება. სებ-მა წინა წელს რეზერვების შესავსებად სულ $280 მილიონი იყიდა.

ეროვნული ბანკის რეზერვების მოცულობას 2009 წლიდან მოყოლებული აღმავალი დინამიკა ჰქონდა, 2013 წლის ბოლოს კი ეს აღმავლობა დაღმასვლით შეიცვალა. რეზერვების მოცულობა მაქსიმალური 2013 წლის აგვისტოში იყო, როდესაც ის $3,1 მილიარდს შეადგენდა.

2015 წლიდან ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გაყიდვა გააგრძელა, ბანკმა თებერვალში ორი სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც $80 მილიონი გაყიდა. უკანასკნელ, 19 თებერვლის აუქციონზე ერთი დოლარის ღირებულებამ 2,14 ლარი შეადგინა. 

სავალუტო რეზერვების არსებობა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურ ბანკში ინახებოდეს ქვეყნის მინიმუმ სამი თვის იმპორტის ეკვივალენტი მოცულობის თანხა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, სავალუტო ფონდის მოთხოვნასაც წარმოადგენს. იმპორტის მოცულობის ზრდის პირობებში კი ეროვნულ ბანკს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის არ შეუძლია ქვეყნის უცხოური რეზერვების მოცულობა $1,6 მილიონზე მეტად შეამციროს, რადგანაც სწორედ $1,6 მილიარდი შეადგენს საქართველოს სამი თვის იმპორტის მოცულობას",-ნათქვამია განცხადებაში.

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ განცხადებამდე ივანიშვილი საპირისპიროს ამტკიცებდა და ამბობდა, რომ ეროვნულმა ბანკმა დროულად გააკეთა ინტერვენცია, ლარი ჯანსაღად იქცევა და ა.შ.

კომენტარები