ლარის კურსის ვარდნა

კვირიკაშვილი: ველოდებით, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება აპრილიდან გაიზრდება

ტაბულა

ვიცეპრემიერის, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლარის გამყარება შესაძლებელია. მისი თქმით, აპრილის თვიდან უცხოური ვალუტის შემოდინება გაიზრდება.

"რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა ლარი გამყარდეს - შესაძლებელია ლარის გამყარება. რეალურად ზაფხულის პერიოდში ჩვენ ველოდებით უცხოური ვალუტის საკმაოდ დიდ შემოდინებებს. შემდგომში უკვე ეროვნული ბანკის განსასაზღვრი იქნება, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევისთვის რამდენად გაამყარებს ის კურსს, თუ შეიძენს ჭარბ ვალუტას. ჩვენ, რაც მთავარია, ველოდებით, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება გაიზრდება უკვე აპრილის თვიდან", - თქვა კვირიკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ლარის გაუფასურება კვლავ გრძელდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა 0.22 თეთრით გაუფასურდა. ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.228 ლარი ეღირება. 

ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა მთელი 3 თეთრით გაუფასურდა, რაც დოლართან მიმართებით ევროს გამყარებას უკავშირდება - ხვალ ერთი ევრო 2.44 ლარი ეღირება.  

ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 13%-ით არის გაზრდილი.

კომენტარები