ლარის კურსის ვარდნა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ლარი დაიტირეს

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აქცია-პერფორმანსი "ლარის გასვენება" გამართეს. ნიღბიანმა აქციის მონაწილეებმა რეზიდენციასთან ყვავილების გვირგვინები მიიტანეს და ლარი სიმბოლურად დაიტირეს.

“22-წლიანი სიცოცხლის შემდეგ ორწლიანი მძიმე ავადმყოფობის შედეგად ლარი გარდაიცვალა, ჩვენ დავტირით ეროვნულ ვალუტას და ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილი ყველაფერს გვატყუებს და მისი ვაჟკაცობის შედეგია ის, რომ ლარი დღეს გარდაცვლილია”, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, არასამთავრობო ორგანიზაცია აპრიორის წევრმა ბესო შენგელიამ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ხელისუფლებისგან ლარის გამყარებასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იყო. ისინი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. 

“ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის რომ წავიდეს ბიძინა ივანიშვილი მის მიერ კონტროლირებად ხელისუფლებასთან ერთად, რადგან ამ ხელისუფლებამ, თავისი უნიათობით, უსაქმურობით და არაკომპეტენტურობით, ეკონომიკური სიტუაცია მიიყვანა ამ კატასტროფამდე. მოვედით, რომ ბიძინა ივანიშვილს პირადად მივუსამძიმროთ. ლარი გარდაცვლილია, ლარი მოკვდა”, - თქვა აქციის მონაწილემ, ახალი მოძრაობის წევრმა გირშელ ბართაიამ.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, მსგავსი გამოსვლები მუდმივ სახეს მიიღებს მანამ, სანამ მათი მოთხოვნები შესრულდება.

კომენტარები