ლარის კურსის ვარდნა

წერეთელი ლარზე: მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბდება

www.radiotavisupleba.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგი წერეთელი თვლის, რომ პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ეკონომიკური კრიზისის თემაზე სასწრაფოდ უნდა მოიწვიოს. მისი თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბდება.

"ვითარება არის საგანგებო. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბდება. სწორედ ხელისუფლების ბრალია, რომ ხალხში არის პანიკური განწყობა იმის გამო, რომ ხელისუფლების მხრიდან მწყობრ გზავნილებს ვერ ხედავს. ამ დღეების განმავლობაში ვითარება მხოლოდ და მხოლოდ უარესდება, ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ მოვისმინოთ პარლამენტში, რა ხდება ქვეყანაში და რა გეგმა აქვს მთავრობას. ამიტომ მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა იქნას ასეთი სხდომა მოწვეული", - თქვა წერეთელმა.

დღეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ პრეზიდენტს მოუწოდა, 27 თებერვალს პარლამენტში რიგგარეშე საგანგებო სხდომა მოიწვიოს, რომელსაც პრემიერმინისტრი, ვიცეპრემიერები, ეკონომიკური გუნდის მინისტრები დაესწრებიან და საქართველოს ეკონომიკაში არსებული კრიტიკული ვითარებიდან გამოსავალს მოძებნიან.

შეგახსენებთ, რომ ლარი კვლავ გაუფასურდა. დღეს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ბანკმა ლარის დასტაბილურების მიზნით $40 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ამან ლარის გაცვლითი კურსის ვარდნა ვერ შეაჩერა, რადგანაც აუქციონზე დოლარის ახალი ფასი 2,2619 დადგინდა. სწორედ 2,2619 იქნება ხვალიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი. ასეთი მაღალი ტემპით ეროვნული ვალუტა აქამდე არ გაუფასურებულა.

გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზს იანვარში ექსპორტის $68-მილიონიანი შემცირება და ფულადი გზავნილების $23-მილიონიანი კლება წარმოადგენს. ექსპორტის შემცირებასთან ერთად აღსანიშნავია იმპორტის ზრდა, რაც ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას იწვევს. საქართველოში უცხოური ვალუტის მოცულობის შემცირება კი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას იწვევს.

კომენტარები