აჭარის უმაღლესი საბჭო

ღარიბაშვილი: დეპუტატებმა გვიღალატეს და ამაზე უმკაცრესი რეაგირება გვექნება

ირაკლი ღარიბაშვილი დუისში
Irakli Garibashvili Official

აჭარის უმაღლეს საბჭოს ვიცესპიკერის გადაყენებაზე უმკაცრესი რეაგირება გვექნება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშილის თქმით, ქართული ოცნების 2-3-მა დეპუტატმა თავის პარტიას უღალატა და ნაციონალურ მოძრაობას გაურიგდა.

"რაც აჭარაში ხდება, ეს მარტივი ასახსნელია. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. ისინი ნაციონალურ მოძრაობას გაურიგდნენ, მაგრამ იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. ის, რომ ორმა, სამმა ასე ვთქვათ დეპუტატმა მოღალატეობრივად დატოვა ჩვენი გუნდი და გაურიგდა ნაციონალურ მოძრაობას, ეს მათი არჩევანია, ჩვენ ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება გვექნება" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცესპიკერი დავით ბაციკაძე უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გადააყენა. საკითხის ინიციატორი ნაციონალური მოძრაობა იყო. გადაწყვეტილებას მხარი ნაციონალური მოძრაობიდან რვა დეპუტატმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა მედეა ვასაძემ და ქართული ოცნების ორმა წევრმა - ჯემალ ფუტკარაძემ და სვეტლანა კუდბამ დაუჭირეს.

მანამდე დეპუტატებმა, ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, ასევე 11 ხმით აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიტიშვილი გადააყენეს.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ თავისუფალ დემოკრატებს. რამდენიმე დღის წინ, უმრავლესობიდან მედეა ვასაძის გასვლის შემდეგ, აჭარის უმაღლესი საბჭოში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა დაკარგა.

კომენტარები