აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს. ის ამ პოსტზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ პატარაძემ წარადგინა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, "36 წლის დავით გაბაიძე პროფესიით იურისტია. (ი. ჯავახიშვილის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი) იგი ამავდროულად არის აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის მედიაციის ცენტრის მედიატორი, შპს "ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟი“-ს არბიტრი, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. დავით გაბაიძე 2014 წლიდან მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად. იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (2006-2007), სსიპ „ბათუმის ზღვისპირა პარკი“ იურიდიული განყოფილების უფროსი (2005-2006), მუშაობდა იურისტად სხვადასხვა კერძო კომპანიებში. 2013 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2004 - ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა – საერთო სპეციალიზაციით. 22 წლის ასაკიდან ასწავლის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის უმაღლეს საფინანსო სკოლასა და გრ. რობაქიძის უნივერსიტეტში. არის სამეცნიერო სტატიების ავტორი".
დღეს უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ფრაქციების რეგისტრაცია გაიმართა. დარეგისტრირებული 4 ფრაქციიდან უმრავლესობას 3 ფრაქცია, ხოლო უმცირესობას 1 ფრაქცია ეყოლება.