სამომხმარებლო ბაზარი

2014 წელს რუსეთი ქართული ღვინის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი იყო

დავით მძინარაშვილი / REUTERS

საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინის ექსპორტის შესახებ ახალი მონაცემები გაავრცელა. 2014 წელს მსოფლიოს 46 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 59 მილიონი (0,75ლ) ბოთლი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებს 26%-ით აღემატება.

სულ ღვინის ექსპორტის მოცულობამ 2014 წელს $184 მილიონი შეადგინა.  

ქართული ღვინის ექსპორტის 63% რუსეთზე მოდის, აღნიშნული ბაზრის გახსნის შემდეგ რუსეთი ქართული ღვინის ექსპორტის უმსხვილესი ბაზარი გახდა. საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში მოხვდნენ უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ბელარუსი.

ღვინის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსეთის წილი ღვინის ექსპორტში წლის მანძილზე მცირდებოდა. წლის დასაწყისში რუსეთში ქართული ღვინის 71% გადიოდა, ხოლო წლის ბოლოს რუსეთის წილი 60%-მდე შემცირდა. მიუხედავად 2014 წელს გაზრდილი ღვინის ექსპორტისა, შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2013 წლის ოქტომბერში რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა რუსულ ბაზარზე არ დაუშვა ქართული ალკოჰოლური პროდუქციის 28 სახეობა, რომელიც ქართველმა მწარმოებლებმა რეგისტრაციისთვის წარადგინეს. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, აზიის ბაზარზე განვლილი წლის მანძილზე 2014 წელს 34%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობა 23%-ით გაიზარდა, ზარდა არის პოლონეთის, ყაზახეთისა და ლატვიის ბაზრებზეც. 

ქართული ბრენდის ექსპორტი, 12 მილიონი (0,5ლ) ბოთლი, გასული წლის მაჩვენებელს 9%-ით აღემატება. ბრენდის ექსპორტმა სულ $41 მილიონი შეადგინა. კონიაკის ექსპორტში უკრაინა ლიდერობს, სადაც 2014 წელს ექსპორტირებულია 6 მილიონი (0,5ლ) ბოთლი. 5 მილიონი (0,5ლ) ბოთლი ბრენდით კი მეორე ადგილზე რუსეთი იმყოფება. 

კომენტარები