ელექტროტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ალტა-ოქეი" ტექნიკის ჰიპერმარკეტ "მეტრომარტთან" გაერთიანებას გეგმავს. კომპანიათა გამსხვილების შესახებ განაცხადზე კონკურენციის სააგენტომ ნებართვა უკვე გასცა.
"საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე, სააგენტომ დაადგინა ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების საბაზრო წილები და კონცენტრაციის დონე, რომელიც გამოითვალა საცალო და საბითუმო სფეროს კომპანიათა წლიური ერთობლივი შემოსავლების მიხედვით. სააგენტოს ხელთ არსებული მონაცემების შესწავლის, ასევე შესაბამისი დაწესებულებების წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება - შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის დონე მნიშვნელოვნად არ იცვლება და დაგეგმილი კონცენტრაცია ნორმალურ კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია", - წერია ნოდარ ხადურის უწყების განცხადებაში.
ალტას და მეტრომარტის გაერთიანება ელექტროტექნიკის ბაზარზე გასული წლების უმსხვილესი გარიგება იქნება. გარიგების ზუსტი ღირებულება ამ დროისთვის უცნობია.