აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

პრემიერმა ტაბულას კითხვას სახ.დეპ-ის განცხადებაზე არ უპასუხა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ განცხადებაზე ტაბულას კითხვას არ უპასუხა. პრემიერი რუსთავში იმყოფება, ახალგაზრდულ პარკში დაგეგმილ გამწვანების აქციაში მონაწილეობისთვის.

ტაბულამ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების იმ ნაწილზე ჰკითხა, სადაც დეპარტამენტი აღნიშნავდა, რომ "ფაქტი ისაა, რომ გამოძიებები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გრძელდება. ამრიგად, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ქმედებები უფრო მეტყველია, ვიდრე სიტყვები".

შეგახსენებთ, რომ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჟურნალისტების კითხვების პასუხად თქვა, რომ დეპარტამენტის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გამოძიებები. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ავიცილოთ იმის აღქმაც კი, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკისა და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ასევე ამბობს, რომ დეპარტამენტი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია, თუმცა, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ამ პროცესს გამოწვევებს უქმნის.

კომენტარები