აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

სახ.დეპ: საქართველოში მიმდინარე მოვლენები ევროინტეგრაციას გამოწვევებს უქმნის

www.state.gov

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ ჯენ ფსაკის ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ჰკითხეს. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გამოძიებები. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ავიცილოთ იმის აღქმაც კი, რომ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკისა და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ასევე ამბობს, რომ დეპარტამენტი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია, თუმცა, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ამ პროცესს გამოწვევებს უქმნის.

ტაბულა ჟურნალისტებისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის საუბარს გთავაზობთ: 

- პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მინისტრების მიერ პოსტების დატოვება არის შიდა საკითხი და ეს გავლენას არ მოახდენს საგარეო ურთიერთობებზე. როგორ შეესაბამება ეს თქვენს მოწოდებას, რომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა გაფანტოს აღქმა, რომ სასამართლო სისტემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ?

ჯენ ფსაკი: განცხადებაში ხაზი გავუსვით ფაქტს, რომ რეგიონში არეულობისა და შიდა ეკონომიკური გამოწვევების დროს, საქართველოს რაც სჭირდება ყველაზე მეტად, არის სტაბილურობა, ერთიანობა, კანონის უზენაესობა და საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ცხადია, როდესაც აქ არის მრავალჯერადი, ერთდროული გამოძიებები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით. და მნიშვნელოვანია, რომ იმის აღქმაც კი თავიდან ავიცილოთ, რომ სასამართლო სისტემას პოლიტიკისა და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.

- პრემიერმინისტრი თავის კომენტარებში ნათლად ცდილობდა, რომ ეს შეშფოთებები შეერბილებინა - რომ არაფერია აქ დასანახი, გავაგრძელოთ. გამოიწვევს თუ არა საქართველოში მიმდინარე მოვლენები კვლავ თქვენს შეშფოთებას, თუ მისმა განცხადებებმა თქვენი ინტერესი დააკმაყოფილა?

ჯენ ფსაკი: კი, ვნახეთ მისი კომენტარები. რაც აშკარაა, ფაქტი ისაა, რომ გამოძიებები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გრძელდება. ამრიგად, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ქმედებები უფრო მეტყველია, ვიდრე სიტყვები.

- კიდევ ერთი შეშფოთების მიზეზი იყო ის, რომ საქართველო უხვევს ევროინტეგრაციისა და NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებიდან. თუმცა, როგორც აქ აღინიშნა, პრემიერმა თქვა, რომ საქართველოს ევროპული ხედვა და მისი მისწრაფებები არ შეცვლილა. როგორ გესმით, ან ადმინისტრაციას ხომ არ აქვს შეშფოთება, რომ საქართველო იმ გზიდან უხვევს, რომელზეც მიდიოდა?

ჯენ ფსაკი: არა, ჩვენ ახლაც ასე ვფიქრობთ. თუმცა, აშკარაა, რომ მოვლენები საქართველოში ამ პროცესს გამოწვევებს უქმნის.

- ვფიქრობ, უფრო მარტივად რომ გკითხოთ, ასე იქნება: თქვენი შეშფოთებები მხოლოდ შიდა სიტუაციით შემოიფარგლება - ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გამოძიებებზე, თუ ისინი უფრო ფართოა და ზოგადად იმაზეა, სად მიდის ქვეყანა? განსაკუთრებით უკრაინის მოვლენების შუქზე?

ჯენ ფსაკი: შეშფოთება უფრო შიდა მოვლენებს ეხება. ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო წარმატებული და წარმატებებისკენ მიმავალი, და, რა თქმა უნდა, ერთად მუშაობით - ლიდერების ერთად მუშაობა ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

კომენტარები