აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

კობახიძე: გამამტყუნებელი განაჩენების შემდეგ კითხვები აღარ დარჩება

news.ge

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს არა გაუჩნდებათ ეჭვები საქართველოში პოლიტიკური დევნის თაობაზე მას შემდეგ, რაც ყოფილი ხელისუფლების წევრთა წინააღმდეგ საქმეების გამოძიება დასრულდება და სასმართლო მათზე განაჩენს გამოიტანს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია მაესტროს ეთერში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„დამერწმუმეთ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არანაირ შეკითხვას აღარ დასვამენ, როცა იქნება დასრულებული საქმეები და გამამტყუნებელი განაჩენები დადგება, სადაც იქნება ცალსახად დადასტურებული ესა თუ ის დანაშაული," - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ინფორმაციის ერთ-ერთი წყარო თავად ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან.

„არის შეშფოთევბის საფუძველი, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი დაკავშირებულია მინიმუმ 10 მილიონი ლარის უკანონო ხარჯვასთან და აღარ ვსაუბრობ სხვა ქმედებების შინაარსზე, რაც ბრალად აქვს წაყენებული. კითხვა მექნებოდა იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც აშშ-ში შეშფოთებას გამოთქვამენ - მათ პრეზიდენტს რომ ჰქონოდა შეხება, სავარაუდოდ დანაშაულებრივი, ბიუჯეტის თანხების არასწორ ხარჯვასთან, თუ დაისმებოდა კითხვის ნიშნები გამოძიების მხრიდან და დაიწყებოდა გამოძიება, იქნებოდა თუ არა ეს მათ მიერ პოლიტიკურ დევნად აღიარებული?" - განაცხადა დეპუტატმა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესები ყოფილი ხელსუფლების მაღალჩინოსანთა წინააღდეგ საჯარო და გამჭვირვალე იქნება და მოუწოდა დასავლელ პარტნიორებს ამ პროცესებს დააკვირდნენ.

„მე მესმის ეს შეშფოთება, ძნელი აღსაქმელია, რომ პოლიტიკური გუნდი, რომელსაც წლების განმავლობაში მხარს უჭერ, აფინანსებ და ეხმარები... აღმოჩნდება, რომ ამ გუნდის ყველა თუ არა, ყოველი მეორე წევრი არის დაკავშირებული ბიუჯეტის ქურდობასთან, კორუფციასთან, ძალიან მძიმე დანაშაულებთან, სიცოცხლის მოსპობასთან, წამებასთან, ეს არის მძიმე ფაქტები და მძიმე შესაფასებელია მათთვის", - აღნიშნა კობახიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებული გამოძიებებისა და სისხლისსამართლებრივი ბრალდებების გამო, ასევე იმ რისკებით, რასაც პოლიტიკური დევნა საქართველოს დემოკრატიას შეუქმნის.

კომენტარები