თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

სამინისტრო დაკავებული თანამშრომლების საქმის ნაწილობრივ განსაჯაროებას ითხოვს

mod.gov.ge

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პროკურატურისგან დაკავებული თანამშრომლების საქმის მასალების ნაწილობრივ განსაჯაროებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით, უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ოფიციალური წერილით რამდენიმე დღის წინ მიმართა, თუმცა, უარი მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა მიზანშეწონილად არ ჩათვლის საქმის მასალების დედნების გადაცემას, თავდაცვის სამინისტრო საგამოძიებო უწყებას სთავაზობს, უზრუნველყოს საქმის მასალების ასლების გადაცემა. შესაბამისი წერილით სამინისტრო პროკურატურას 3 ნოემბერს მიმართავს.

თავდაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

"სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლების შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის მასალების ნაწილობრივ განსაჯაროებას მოითხოვს.

საიდუმლო გრიფის მოხსნის მოთხოვნით, თავდაცვის სამინისტრომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, შესაბამისი ოფიციალური წერილი 28 ოქტომბერს გაუგზავნა. წერილი უწყების კანცელარიას 29 ოქტომბერს ჩაბარდა. 31 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტრომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან უარი მიიღო. მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ არ იქნა წარმოდგენილი საქმის მასალები.

აქედან გამომდინარე, თავდაცვის სამინისტრო (გრიფის მიმნიჭებელი უწყება) მიმართავს საქართველოს პროკურატურას თხოვნით, გადაეცეს საქმის მასალები, შემდგომი დაბრუნების პირობით. იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა მიზანშეწონილად არ ჩათვლის საქმის მასალების დედნების გადაცემას, თავდაცვის სამინისტრო საგამოძიებო უწყებას სთავაზობს უზრუნველყოს საქმის მასალების ასლების გადაცემა.

შესაბამისი წერილით თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პროკურატურას 3 ნოემბერს მიმართავს", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, რის გამოც, სასამართლო პროცესი დახურული იყო. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ხუთივე დაკავებულს თავდებად უდგებოდნენ თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას შეფასებით, "მთავარი, რაზეც ახლა ყველა უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, არის ის, რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი". ალასანია თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავების საქმეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აუცილებელია გამჭვირვალე გამოძიება. ამასთან, თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია დაკავებულების უდანაშაულობაში. მისი თქმით, მთელი თავდაცვის სამინისტრო მონდომებულია, ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ირაკლი ალასანიას თქმით, მნიშვნელოვანია, საქმეს საიდუმლო გრიფი მოეხსნას. მისივე განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებით ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი მიადგა, ამის გამო კი,მინისტრი პრეზიდენტთან,პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას გეგმავს. როგორც ალასანიამ აღნიშნა, აქვს თუ არა საქმეს პოლიტიკური სარჩული, "მოგვიანებით ვილაპარაკებთ". 

"დაგეგმილი მაქვს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა, ასევე პრემიერმინისტრთან ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთანაც. როდესაც ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და პასუხისმგებლობა დადგება იმ პირების, ვინც შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. აქვს თუ არა ამას პოლიტიკური სარჩული, მოგვიანებით ვილაპარაკებთ", - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები