რუსეთის ეკონომიკა

რუსეთი 2015 წელს თავდაცვაში რეკორდულ თანხას $81 მილიარდს დახარჯავს

Getty Images

2015 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს. რუსეთის თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 2015 წლისთვის 3.3 ტრილიონი რუბლით არის განსაზღვრული, რაც $81 მილიარდს შეადგენს. დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ადმირალ ვლადიმერ კომოიედოვის თქმით, თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა შემდგომ წლებშიც გაგრძელდება.

2015 წლის თავდაცვის ბიუჯეტი რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 4,2% იქნება.

2015 წელს, დუმის ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი $812 მილიარდი იქნება. რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 2015 წელს $2 ტრილიონი იქნება, მისი ზრდის ტემპი კი 1%-ით არის განსაზღვრული.

2012 წელს რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის 8-წლიანი პროგრამა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც რუსეთმა 2020 წლამდე თავდაცვაში 20 ტრილიონი რუბლი ანუ $500 მილიარდი უნდა დახარჯოს. დუმა ამჟამად ახალ უფრო ფართომასშტაბიან თავდაცვის პროგრამაზე მუშაობს, რომელიც 2016 წლიდან უნდა დაიწყოს. თუმცა კონკრეტული დეტალები, თუ რა თანხის დახარჯვა იქნება ახალი პროგრამით განსაზღვრული, ჯერჯერობით უცნობია.

გასული ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 4,8%-დან 3,7%-მდე შემცირდა. გასულ წლებში თავდაცვის ბიუჯეტი ევროკავშირის ქვეყნებმაც შეამცირეს. მსოფლიოს ქვეყნებმა 2014 წელს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 2,1% დახარჯეს. 

კომენტარები