ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო

ალი ჰეიდარი: ნებართვის გარეშე სამხედრო ინტერვენციას აგრესიულ აქტად აღვიქვამთ

Louai Beshara / AFP

"სირიაში ნებისმიერი უცხოური ინტერვენცია აღქმული იქნება, როგორც აგრესიის აქტი, მანამ, სანამ არ დამტკიცდება დამასკოს მიერ", - ამის შესახებ კომენტარი ხუთშაბათს, 11 სექტემბერს სირიის ეროვნული შერიგების სახელმწიფო მინისტრმა ალი ჰეიდარმა გააკეთა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ISIS-სთან ბრძოლის სტრატეგია გავრცელდა. ჰეიდარის თქმით, ნებისმიერი სახის აქტზე, მათ შორის სამხედრო აქტზე, საჭიროა სირიის ხელისუფლების ნებართვა და სირიასთან კოორდინირებული მოქმედება. 

იმავე თემაზე კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმაც გააკეთა. ლუკაშევიჩის ცნობით, სირიაში ექსტრემისტი დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლა გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატის გარეშე აგრესიის აქტად და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევად განიხილება. 

ცნობისთვის, შეერთებული შტატები პარტნიორებთან ერთად, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიან მოქმედებას იწყებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ამერიკა ისლამისტების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს როგორც ერაყში, ისე სირიაში განახორციელებს და ერაყში 475 სამხედროს გაგზავნის, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას ტერორისტებთან ბრძოლაში დაეხმარებიან. აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ეს არ იქნება საბრძოლო მისია. ობამას თქმით, ამერიკა ISIS-ის წინააღმდეგ ფართო კოალიციასთან ერთად იმოქმედებს. 

კომენტარები