ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო

ობამა: უყოყმანოდ მივიღებთ ზომებს ISIS-ის წინააღმდეგ სირიასა და ერაყში

შეერთებული შტატები პარტნიორებთან ერთად, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიან მოქმედებას იწყებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სპეციალურ მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ამერიკა ისლამისტების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს როგორც ერაყში, ისე სირიაში განახორციელებს და ერაყში 475 სამხედროს გაგზავნის, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას ტერორისტებთან ბრძოლაში დაეხმარებიან. აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ეს არ იქნება საბრძოლო მისია. ობამას თქმით, ამერიკა ISIS-ის წინააღმდეგ ფართო კოალიციასთან ერთად იმოქმედებს. 

"დღეს საღამოს, ერაყის მთავრობასთან, მოკავშირეებთან და კონგრესთან კონსულტაციების შემდეგ, მინდა გაცნობოთ, რომ ამერიკა სათავეში ჩაუდგება ფართო კოალიციას ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ. ჩვენ განვახორციელებთ სისტემატურ ავიადარტყმების კამპანიას ამ ტერორისტების წინააღმდეგ. ჩვენ ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოლებთ ყველგან, სადაც ისინი იმყოფებიან. ეს ნიშნავს, რომ უყოყმანოდ მივიღებთ ზომებს ISIS-ის წინააღმდეგ როგორც სირიაში, ასევე ერაყში", - განაცხადა ობამამ.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ბოლო თვეების განმავლობაში ერაყში რამდენიმე შეტევა განახორციელეს და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული და ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიკავეს. ერაყსა და სირიაში ისლამისტებმა ხალიფატი გამოაცხადეს და სასტიკად უსწორდებიან როგორც მოწინააღმდეგეებს, ასევე ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს. ერაყის ჯარებს და ქურთების შეიარაღებულ ფორმირებებს ისლამისტებთან ბრძოლაში შეერთებული შტატები აქამდე ავიადარტყმებით ეხმარებოდა.

კომენტარები