პრეზიდენტის უფლებამოსილება

კანონპროექტით, პრეზიდენტს უფლებამოსილება თავდაცვის სფეროშიც ეზღუდება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო სფეროში პრეზიდენტის უფლებამოსილებების დიდი ნაწილი მთავრობის კომპეტენციაში გადადის. კანონპროექტი პარლამენტში აპრილის თვეში შევიდა და მის განხილვას საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს.

მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სამხედრო დოქტრინის და სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფციის პროექტებს; ამტკიცებს საქართველოს სამხედრო ძალების აღმშენებლობის, გამოყენებისა და მობილიზაციის გეგმებს, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო გეგმებს;  ამტკიცებს ქვეყნის ტერიტორიის სამხედრო-ოპერატიულ გეგმებს; იარაღისა და სამხედრო ტექნიკის განვითარების სახელმწიფო პროგრამებს, საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის გეგმას. ახალი კანონპროექტის მიხედვით კი, ზემოჩამოთვლილი უფლებამოსილებები საქართველოს მთავრობას გადაეცემა. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს მთავრობა მოამზადებს და წარუდგენს პარლამენტს, რაც მოქმედი კანონმდებლობით პრეზიდენტის კომპეტენციაა. ასევე, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მთავრობა თავდაცვის მინისტრის წარდგინებით დაამტკიცებს საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას და საქართველოს თავდაცვის სტრატეგიულ მიმოხილვას. ასევე, თავდაცვის სამინისტროს სისტემის სიმბოლიკას, დროშებს და ალმებს, რისი უფლებამოსილებაც ახლა პრეზიდენტს აქვს. 

ამას გარდა, მოქმედი კანონმდებლობით, უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველია გაერთიანებული შტაბის უფროსი, რომელიც ხელმძღვანელობს და მართავს შეიარაღებულ ძალებს. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი. თუმცა, თავდაცვის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, პრეზიდენტი აღარ დაამტკიცებს გაერთიანებული შტაბის დებულებას, ხოლო შტაბის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული იქნება არა პრეზიდენტის, არამედ თავდაცვის სამინისტროს წინაშე. აღნიშნულზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბათუმელებს განუცხადეს, რომ იგეგმება კანონპროექტის ცვლილება და იგი გადამუშავებული რედაქციით წარედგინება საპარლამენტო კომიტეტებს. სამინისტროში განმარტავენ, რომ გაერთიანებული შტაბის უფროსი “პრეზიდენტის წინაშეც იქნება ანგარიშვალდებული”.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით კი, "ჯერ სამუშაო პროცესი არ დაწყებულა და ნაადრევია საუბარი".

კომენტარები