პრეზიდენტის უფლებამოსილება

ქუცნაშვილი: პრეზიდენტი მზად არის, უმრავლესობის კითხვებს უპასუხოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. ქუცნაშვილი რეზიდენციაში საქართველოს კონსტიტუციით მივიდა. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ პრეზიდენტმა უმრავლესობასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და ის მთავრობის არცერთი შტოს კონკურენტად თავს არ მიიჩნევს. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, პრეზიდენტთან 2-საათიანი დიალოგის ფარგლებში "მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმდნენ". 

"შევთანხმდით, რომ საპარლამენტო უმრავლესობასთან კომუნიკაციის მიზნით, აუცილებელია შეხვედრების სისტემატურად გამართვა. პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, უახლოეს მომავალში შეხვდეს საპარლამენტო უმრავლესობას და ყველა შეკითხვას, რაც დეპუტაციის შიგნით არსებობს, პასუხი გასცეს. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ხედავს პრეზიდენტი თავის როლს საგარეო წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებისას. მე მას განვუმარტე და გიორგი მარგველაშვილიც აღიარებს, რომ მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას, ის შეზღუდულია მთავრობის თანხმობის გარეშე მოლაპარაკების წარმოების ნაწილში, საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების ნაწილში, ელჩების დანიშვნის ნაწილში, ასევე, უცხო ქვეყნის ელჩების აკრედიტაციის ნაწილში. აქ შევთანხმდით, რომ კონსტიტუცია არის სახელმძღვანელო და საქმიანი მოლაპარაკებები, ხელშეკრულებების დადება თუ ელჩების დანიშვნა ითხოვს მთავრობასთან წინასწარ შეთანხმებას, ეს არის მკაცრი ჩანაწერი", - განუცხადა ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებისას მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, მხოლოდ საგარეო ვიზიტებს მართავს.

"ანუ საუბარია იმ მოლაპარაკებებზე, რომლებიც არ ემსახურება რაიმე შეთანხმების დადებას, უბრალოდ ქვეყნის წარმოჩენას ისახავს მიზნად. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, ვისი უფლებამოსილება სად იწყება და ვისი უფლებამოსილება სად მთავრდება - ეს არის არსებითი საკითხი", - თქვა ქუცნაშვილმა. 

ცნობისთვის, როგორც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში განაცხადა, პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰქონდა პოზიცია, რომ კონკურენციაში იყოს მთავრობასა და პარლამენტთან. მისივე თქმით, "დაბნეულია მთელი გუნდი, რადგან გუნდის წევრი იყო ეს კაცი, გუნდმა იზრუნა მის გაპრეზიდენტებაზე, დღეს კი მარგველაშვილს არავისთან ურთიერთობის სურვილი არ აქვს". 

კომენტარები