პრეზიდენტის უფლებამოსილება

პრეზიდენტი: მე ვიქნები ხელისუფლების შტოების კონსტიტუციური უფლებების დამცველი

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის იქნება ყველა სახელისუფლო შტოს კონსტიტუციური უფლებების დამცველი.

 "მე, როგორც კონსტიტუციის გარანტი, ვიქნები როგორც პრეზიდენტის, ასევე პარლამენტის, სხვა ხელისუფლების შტოების კონსტიტუციური უფლებების დამცველი და არასდროს არ დავყვები პოლიტიკურ კონიუნქტურას ამ მიმართულებით. საქართველოს კონსტიტუცია არის უზენაესი დოკუმენტი, რომელიც თითოეული მოქალაქის საკუთრებაა და რამე უფლების დათმობა ან გაძლიერება არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკოსის უფლებას", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო სფეროში პრეზიდენტის უფლებამოსილებების დიდი ნაწილი მთავრობის კომპეტენციაში გადადის. კანონპროექტი პარლამენტში აპრილის თვეში შევიდა და მის განხილვას საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს.

მოქმედი კანონმდებლობით, უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველია გაერთიანებული შტაბის უფროსი, რომელიც ხელმძღვანელობს და მართავს შეიარაღებულ ძალებს. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი. თუმცა, თავდაცვის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, პრეზიდენტი აღარ დაამტკიცებს გაერთიანებული შტაბის დებულებას, ხოლო შტაბის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული იქნება არა პრეზიდენტის, არამედ თავდაცვის სამინისტროს წინაშე.

კომენტარები