მიხეილ სააკაშვილის საქმე

ალასანია: კრამერის შთაბეჭდილებები მისი შთაბეჭდილებებია

irakli alasania official /facebook.com

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, Freedom House-ის პრეზიდენტის დევიდ კრამერის აზრებს პატივს სცემს, თუმცა, მისი შთაბეჭდილებები მხოლოდ შთაბეჭდილებებია. როგორც ალასანიამ დიდგორობის დღესასწაულზე, ტაბულას კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ფაქტი ის არის, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების გამოძიება გამჭვირვალედ მიმდინარეობს. ცნობისთვის, კრამერმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით თქვა, რომ - "იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ". 

"დევიდ კრამერი არის ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი მეგობარი, პირადად ჩემი მეგობარი და დიდ პატივს ვცემ მასაც და მის აზრებსაც. ბუნებრივია, მისი სურვილია, რომ საქართველოს იმიჯი იყოს ხელუხლებელი და ის დემოკრატიული დიდი მონაპოვარი, რომელიც საქართველომ 2012 წლის და 2013 წლის არჩევნებით მოიპოვა, გახდეს მართლაც სამაგალითო ამ რეგიონში. რაც შეეხება მის შთაბეჭდილებებს, ეს მისი შთაბეჭდილებებია. ფაქტები არის უტყუარი, რომ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს გამჭვირვალედ. რაც მთავარია, საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს საშუალება, დააკვირდეს სასამართლო პროცესების მიმდინარეობას. ჩვენი ამოცანაა, განუხრელად იქნას დაცვის უფლება უზრუნველყოფილი, ასევე უდანაშაულობის პრეზუმფცია.. სასჯელი კი, დამოუკიდებელმა სასამართლომ გამოიტანოს. აქედან გამომდინარე, მე ვერანაირ პოლიტიკურ დევნას ვერ ვხედავ, აქ არის ის, რომ პასუხისმგებლობის განცდა უნდა ჰქონდეს ყველას. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას", - განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები