მიხეილ სააკაშვილის საქმე

ენმ: შეუძლებელია, პოლიტიკურმა რეპრესიებმა ოლიგარქს გაამარჯვებინოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, "დღეს ბიძინა ივანიშვილის ჯიბის პროკურატურამ აღასრულა დიდი ხნის დაანონსებული და გაცხადებული პოლიტიკური დევნის აქტი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ წამოაყენა ბრალი". ენმ-ის შეფასებით, ეს არის სუფთა წყლის პოლიტიკური აქტი. როგორც პარტიის წევრმა გოკა გაბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, "პოლიტიკური დევნის ეს კიდევ ერთი ნაბიჯი დიდი ხნის წინ არის დაანონსებული და ამის შესახებ არაერთხელ უთქვამს ბიძინა ივანიშვილს, როგორც ამ ოლიგარქულ-ავტორიტარული რეჟიმის ავტორს და შემოქმედს. ასევე, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და ვიცეპრემიერ კალაძეს".

გაბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებაში მისვლის პირველივე დღეებიდან, ბიძინა ივანიშვილი არ მალავდა უპირველეს და უმთავრეს ამოცანას - მიხეილ სააკაშვილის რეფორმატორული მემკვიდრეობის და მთავარი ოპოზიციური ძალის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განადგურებას.

"ეს პოლიტიკური მიზანი გაცხადებულია, სწორედ ამ პოლიტიკური მიზნის აღსრულებისთვის ფიქრობენ ისინი, რომ აუცილებელია, ბრალი ჰქონდეს წაყენებული მიხეილ სააკაშვილს. ეს ნაბიჯი არაფერ კარგს არ მოუტანს ბიძინა ივანიშვილს და მის ხელქვეითებს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ნაბიჯი არაფერ კარგს არ მოუტანს საქართველოს. იმიტომ, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანაში და, განსაკუთრებით, მის ფარგლებს გარეთ, ცალსახად აღქმული იქნება, როგორც პოლიტიკური დევნის გამოვლინება და ძალიან დიდ ზარალს მოუტანს საქართველოს და მის საერთაშორისო პრესტიჟს", - აცხადებს გაბაშვილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, "ხელისუფლების განსაკუთრებული გაშმაგების ეს ახალი ტალღა არჩევნების შედეგებმა გამოიწვია".

"მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა, მათ ვერ შეასრულეს ივანიშვილის მიცემული თავისი პოლიტიკური დავალება და ენმ-მ აიღო თითქმის ყოველი მესამე ამომრჩევლის ხმა. ეს არ ჯდება მათ გეგმაში, რომ ენმ უნდა ყოფილიყო განდგურებული, ჩამოშლილი, როგორც ბატონი ღარიბაშვილი აცხადებს, 5-6%-იანი პარტია. ისინი ხედავენ, რომ ეს არის ძალიან მყარი, ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა. მას ჰყავს პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც აქვთ უნარი, გააგრძელონ ბრძოლა და ეს ბრძოლა ბოლომდე მიიყვანონ. სწორედ ამიტომ, ენმ-ის ყველა ლიდერი დღეს კიდევ ერთხელ არის ახალი ბრალის ადრესატები. ბატონი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული ცხელი ზაფხული ჯერ კიდევ არ დამთავრებულა და დარწმუნებული ვარ, რომ ენმ-ის ამ მეთოდებით დევნა გაგრძელდება. ეს ვერ მოიტანს ვერანაირ შედეგს ივანიშვილისთვის. მისი ავტორიტარული რეჟიმი აუცილებლად დასრულდება. ჩვენი პოლიტიკური გუნდი გააგრძელებს ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური მეთოდით ბრძოლას თავისი უფლებებისთვის და, რა თქმა უნდა, სრულებით შეუძლებელია, რომ პოლიტიკურმა რეპრესიამ გაამარჯვებინოს ოლიგარქს, რომ ამან მათ სიკეთე მოუტანოს ან საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ეს ბრალი, რომელიც გაჯერებულია არარსებული ფაქტებით, ფაბრიკაციებით და ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებით, თავისი შინაარსითაც არის პოლიტიკური და, რა თქმა უნდა, ამას არავინ არ აღვიქვამთ სამართლებრივი ბრძოლის ეტაპად, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლის ეტაპი გაშმაგებული ხელისუფლების, რომელიც ცდილობს ასეთი მეთოდებით დაანგრიოს ოპოზიცია, რაც არ გამოვა არავითარ შემთხვევაში", - განაცხადა გაბაშვილმა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენა. უწყების განცხადებით, "საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას".

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წაუყენეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიორგი უგულავას. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები