გიგი უგულავას საქმე

ბაქრაძე: სააპელაციოს გადაწყვეტილება სერიოზული საფრთხეა სახელმწიფოსთვის

ხათუნა ხუციშვილი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება - არ განიხილოს ენმ-ის საარჩევნო შტაბის უფროსის გიგი უგულავას სარჩელი აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შესახებ, წარმოადგენს ძალიან სერიოზულ საფრთხეს და უკან გადადგმულ ნაბიჯს ქართული სახელმწიფოსთვის.

"იმ პირობებში, როდესაც ამ საქმესთან დაკავშირებით, არსებობს ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი საქართველოს შიგნით, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ პირდაპირ მოისმინეთ აშშ-ის განცხადება, რომ შეერთებული შტატები ელოდება სააპელაციო განხილვას და თვალყურს ადევნებს ამ პროცესს, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის მკაფიო განცხადება, რომ ელოდება უმაღლესი სტანდარტების სასამართლო პროცესს, რომელიც იქნება გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის გასაგები, ყველაფერ ამის გათვალისწინებით, მოსამართლის გადაწყვეტილება, არათუ საჯაროდ არ განიხილოს გიგი უგულავას სარჩელი, არამედ საერთოდ არ მიიღოს წარმოებაში და საერთოდ უარი თქვას მის განხილვაზე, წარმოადგენს ძალიან სერიოზულ საფრთხეს და უკან გადადგმულ ნაბიჯს ქართული სახელმწიფოსთვის" - აცხადებს ბაქრაძე და აღნიშნავს, რომ "ეს გადაწყვეტილება გარდაუვლად გააჩენს ძალიან ბევრ ნეგატიურ კითხვის ნიშანს ჩვენს უცხოელ პარტნიორებში და პრეცედენტულად ძალიან ნეგატიურად იმოქმედებს ქართული დემოკრატიის და სასამართლოს მომავალზე".

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, სამწუხაროდ, ქართული სასამართლოს სისტემაშიც გაჩნდნენ ხელისუფლების ფავორიტი მოსამართლეები, რომლებიც მზად არიან მიიღონ ხელისუფლების ხელსაყრელი ნებისმიერი გადაწყვეტილება.

"სწორედ ამ მოსამართლემ, რომელმაც დღეს უარი თქვა სარჩელის განხილვაზე, თავის დროზე გადაწყვიტა, ზეპირი განხილვის გარეშე დახურული წესით განეხილა უგულავას სააპელაციო საჩივარი მისი მერობიდან გადაყენების შესახებ, იმის მიუხედავად, რომ მას ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს მკაფიო მოსაზრება, რომ უნდა განხილულიყო საჯარო წესით" - ამბობს ბაქრაძე და აღნიშნავს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქმეს ბოლომდე მიყვება და გაასაჩივრებს ზემდგომ ინსტანციასა და ევროსასამართლოში.

"სამართალი აუცილებლად იპოვნის თავის გზას. მაგრამ ის, რაც დღეს მოხდა, არის ძალიან ცუდი ქართული სახელმწიფოსთვის, არა გიგი უგულავასთვის ან ენმ-ისთვის, არამედ, ქართული სახელმწიფოსთვის, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება ყველა ჩვენს უცხოელ პარტნიორს გაუჩენს ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს, რამაც შეიძლება სერიოზულად შეგვიშალოს ხელი ევროპისკენ მიმავალ გზაზე და ყველა იმ პოზიტივის მიღებისგან, რომელსაც ველოდებით ასოცირების ხელშეკრულებისგან" - განაცხადა ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას ადვოკატების სარჩელი დაუშვებლად ცნო. გადაწყვეტილების მიზეზს სასამართლო დღის განმავლობაში განმარტავს.

გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. 4 ივლისს უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით საამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

უგულავას ბრალი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით წარედგინა.

კომენტარები