სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას ადვოკატების სარჩელი დაუშვებლად ცნო. გადაწყვეტილების მიზეზს სასამართლო დღის განმავლობაში განმარტავს.
გიგი უგულავას ადვოკატების თქმით, მათ სამოტივაციო ნაწილი ჯერ არ ჩაბარებიათ. ისინი ახალი გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს კვლავ მიმართავენ უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. გიზო უგლავა ასევე აღნიშნავს, რომ მოსამართლე გიორგი მიროტაძემ არაერთხელ დაარღვია გიგი უგულავას კონსტიტუციური უფლებები.
”დაგვირეკა სააპელაციო სასამართლომ და გვითხრა, რომ მოსამართლე გიორგი მიროტაძემ არ დაუშვა ჩვენი საჩივარი განსახილველად. თვითონ დასაშვებობასთან მიმართებით, ჩვენ საჩივარში აღწერილი გვქონდა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროებდა ზეპირ მოსმენას და მხარეთა პაექრობას, რათა მოსამართლეს გამოეტანა აბსოლუტურად ობიექტური გადაწყვეტილება. თუნდაც ერთი მიზეზი დასაშვებობის იყო ის, რომ ჩვენ ვაყენებდით პირველი ინსტანციის მოსამართლის აცილების საკითხს. ფაქტობრივად, იმ მოსამართლეში, რომელშიც ჩვენ ეჭვი შეგვქონდა, არ მოგვცა სააპელაციო სასამართლომ საშუალება ჩვენი არგუმენტები მის მიმართ არაობიექტურობისა და მიუკერძოებლობის შეასხებ დაგვეფიქსირებინა და ემსჯელა ამის შესახებ მოსამართლეს.
რაც შეეხება თავად მოსამართლე გიორგი მიროტაძეს - ეს არის მოსამართლე, რომელმაც 2013 წლის დეკემბერში, რომელიც დაკავშირებული იყო გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენებასთან, საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა. როდესაც უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრეთ ეს საკონსტიტუციო სასამართლომ ცალსახად მიიჩნია ეს კონსტიტუციური ნორმების დარღვევად გიგი უგულავასთან მიმართებით და ცალსახად მიუთითა, რომ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა უნდა მოხდეს ზეპირი მოსმენით. ამ შემთხვევაშიც გიორგი მირტოძემ განიხილა ეს საჩივარი და ეს არის მოსამართლე, რომელმაც არაერთხელ დაარღვია გიორგი უგულავას კონსტიტუციური უფლებები”, - თქვა ადვოკატმა.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით გიგი უგულავამ ფეისბუქზე დაწერა - ”სააპელაციო სასამართლომ ყველანაირი განხილვის გარეშე ციხეში დამტოვა. შესაშური სამართალია. თან ის მოსამართლე, ვინც ჩემი უფლებამოსილების შეჩერება, ასევე განხილვის გარეშე დაადასტურა და ვინც, ამის გამო, საკონსტიტუციომ გაამტყუნა! ციხე და კატორღა რო აჩერებდეს პოლიტიკურ პროცესებს.. ეჰ, ისტორიის წიგნები მაინც გადაგეკითხათ. კარგით - ახლა ბევრი დრო მაქვს და თქვენ წასაკითხსაც მე წავიკითხავ! მადლობა ბატონ ბიძინას”,
შეგახსენებთ, რომ უგულავას ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მოთხოვნით მიმართეს, რომლის მიხედვითაც თბილისის ყოფილ მერს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. 4 ივლისს უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით საამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
უგულავას ბრალი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით წარედგინა.




