საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, გიგი უგულავას საქმის მიმართ არსებობს ლეგიტიმურად ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. მისი თქმით, ეს მოიცავს საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის ინტერესს.
"ჩვენ მოვისმინეთ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოზიცია, რომ ისინი თვალს ადევნებენ ამ პროცესს და ელოდებიან სააპელაციოს გადაწყვეტილებას. ამიტომ, მე მინდა, მოვუწოდო სააპელაციო სასამართლოს, განიხილოს პროცესი საჯარო განხილვით, რათა საზოგადოებას, არასამთავრობოებს, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს – ყველას ჰქონდეს საშუალება, საჯარო და ღია განხილვის გზით იქონიოს საკუთარი აზრი, თუ რამდენად კანონიერია გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება", - განაცხადა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, გიგი უგულავა აეროპორტში დააკავეს და ორი ახალი ბრალი წაუყენეს (უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და მარნეულის ეპიზოდი). მას აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, რასაც სასამართლოსთან დაპირისპირება მოყვა. ინციდენტის დროს, პოლიციამ ცხრა ადამიანი დააკავა, მათ შორის, დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი და თბილისის ყოფილი მერი კოტე გაბაშვილი. ბეჟაშვილი სამ საათში გაათავისუფლეს. სხვა დაკავებულებს სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ხოლო ბეჟაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება.
დაცვის მხარემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საქმის წარმოებაში მიღებაზე გადაწყვეტილებისთვის სასამართლოს 5-დღიანი ვადა აქვს.





