სამომხმარებლო ბაზარი

წელს რუსეთი ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრის ლიდერი გახდა

დავით მძინარაშვილი / REUTERS
ღვინის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით ქართული ღვინო მსოფლიოს 34 ქვეყანაში გავიდა და ექსპორტმა 27 მილიონამდე ბოთლი შეადგინა, რაც 135%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. აქედან 18 მილიონამდე ბოთლი (66%) რუსეთის ბაზარზე გავიდა. 2005 წლის მაჩვენებლებით ქართული ღვინის ექსპორტის 78% მოდიოდა რუსეთის ბაზარზე. 
 
რუსეთის შემდეგ ქართული ღვინის ყველაზე დიდი ექსპორტიორები უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ჩეხეთი არიან. თუმცა უკრაინა ქართული ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებში წამყვან ადგილს ინარჩუნებს (3 100 000 ბოთლზე მეტი) და 1 მილიონი ბოთლით აღემატება რუსეთში ექსპორტირებულ სასმელს. 
 
საექსპორტო საქონლის მთლიანი ღირებულება 2014 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით 88 მილიონ ამერიკულ დოლარამდე აღწევს.
 
ქართული ღვინო, მოსკოვში მოთხოვნის კუთხით, იტალიური და ფრანგული ღვინის შემდეგ, მესამეა - თქვა 2013 წელს საქართველოში მყოფმა ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ვალერი კატუკოვმა.
     
მიუხედავად 2014 წელს გაზრდილი ღვინის ექსპორტისა, შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2013 წლის ოქტომბერში რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა რუსულ ბაზარზე არ დაუშვა ქართული ალკოჰოლური პროდუქციის 28 სახეობა, რომელიც ქართველმა მწარმოებლებმა რეგისტრაციისთვის წარადგინეს. 
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თაობაზე ასევე გააკეთა განცხადება, რომ საქართველომ უნდა გააცნობიეროს, თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ხელშეკრულების გაფორმებამ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის თავლსაზრისით, რაზეც საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, პაპუნა ჯანელიძემ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ საქართველოს ეკონომიკა გადაიარაღება არ გაუჭირდება, რადგან ეს ერთხელ უკვე მოახერხა. 
 
შეგახსენებთ, რომ 2006 წლის ემბარგოს მიზეზად რუსეთის მხარემ ფიტოსანიტარული სტანდარტების დაუკმაყოფილებლობა დაასახელა.
 

კომენტარები