გიგი უგულავას საქმე

ადვოკატი: სამართალდამცველებს უგულავასთვის ამ დროისთვის ბრალი არ წაუყენებიათ

ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ გიგი უგულავას ადვოკატმა გიორგი გელხაურმა თქვა, რომ სამართალდამცველებს უგულავასთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ. მისი თქმით, დაცვის მხარეს არ გადასცემია არანაირი საქმის მასალები და მათ მხოლოდ ზედაპირულად იციან, რომ დაკავება უკავშირდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას. 

"ჩვენ შევხვდით უგულავას, მას დაკავების შემდგომ არ განუმარტეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუ რას ედავებოდნენ, რა თემაზეა დაკავებული, მას წარმოდგენა არ აქვს, უბრალოდ, მან იცის ზედაპირულად, რომ ეს არის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებასთან დაკავშირებული. საგამოძიებო სამსახურში გადაყვანის შემდგომ იგი ითხოვდა ადვოკატთან დაუყოვნებლივ შეხვედრას, რისი უფლებაც არ მისცეს, ესეც არის დარღვევა. ყველა ამ დარღვევის შესახებ ისაუბრებს უკვე სასამართლოზე", - განაცხადა გელხაურმა.

ადვოკატის თქმით, უგულავა არ აღიარებს არანაირ ბრალს - "მისთვის არ წაუყენებიათ ბრალი, ასევე არც ვიცნობ საქმის მასალებს, რადგან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩვენთან კომუნიკაციას არ ახდენს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დაკავებულს ბრალი 48 საათში უნდა წარუდგინონ, იმედია, როცა ეს მოხდება, შეგვატყობინებენ", - აღნიშნა გელხაურმა.

მას შემდეგ, რაც სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა, უგულავა აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. ის დღეს დილით კიევში მიფრინავდა, თუმცა, მას გაფრენის საშუალება არ მისცეს. უგულავა ამ დროისთვის ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება. 

გიგი უგულავა კიევში უკრაინის პატრიარქ ფილარეტთან შესახვედრად მიფრინავდა. ის უკან დაბრუნებას დღეს საღამოს აპირებდა, მან ჟურნალისტებს უკან დასაბრუნებელი ბილეთიც აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს გიგი უგულავას სიტი პარკის საქმეზე აღკვეთის ღონისძიება არ შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიან გირაოს, ასევე, პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას ითხოვდა.

უგულავა მოწმის სახით დასაკითხად პროკურატურაში 4 ივლისს დილის 10:00 საათზე დაიბარეს, ის წინა ღამეს გეგმავდა ქვეყანაში დაბრუნებას.

კომენტარები