პოლიციელების ჩხუბი

ჭიკაიძე პოლიციელების ჩხუბზე: უღირსი თანამშრომლების ადგილი შსს-ში არ არის

"სამინისტროში მუშაობდნენ უღირსი თანამშრომლები, რომლებიც გათავისუფლებულები არიან", - შინაგან საქმეთა მინისტრი ტაბულას გადაღებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა, რომელიც სანაპიროზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელების ჩხუბს ასახავს.

"სამწუხაროა, რაც მოხდა და ეს იყო ძალიან ცუდი ფაქტი. ძალიან ბევრი თანამშრომელია, მათ შორის არიან უღირსები და სწორედ ასეთი უღირსი თანამშრომლების ადგილი სამინისტროში არ არის", - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

ტაბულას გადამღებმა ჯგუფმა სანაპიროზე შინაგან საქმეთა სამინისტროს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლების ჩხუბი შემთხვევით დააფიქსირა. ინციდენტში პოლიციის მაიორი რევაზ კაკალაშვილი, ასევე შსს-ს თანამშრომლები გივი გამეზარდაშვილი, დავით კანდელაკი და ირაკლი დარახველიძე მონაწილეობდნენ.

ისინი აცხადებდნენ, რომ ინციდენტი მეგობრული გარჩევა იყო და გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია ტაბულას ჟურნალისტის შეტყობინების შემდეგ მივიდა. მათთან ხმამაღალი საუბრისას, ინციდენტში მონაწილე პირები შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს აგინებენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ინციდენტში მონაწილე შსს-ს ოთხივე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

კომენტარები