პოლიციელების ჩხუბი

ვოლსკი: საერთოდ, პოლიციელებს ჩხუბი და დავიდარაბა არ ეკადრებათ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის შეფასებით, "საერთოდ, პოლიციელებს ჩხუბი და დავიდარაბა არ ეკადრებათ". ვოლსკი შსს-ს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლების ჩხუბს გამოეხმაურა, რომელიც ტაბულას გადამღებმა ჯგუფმა შემთხვევით დააფიქსირა.

"ტაბულას კადრებთან დაკავშირებით რა მოგახსენოთ. ბევრი კადრი მინახავს, რომელიც დამატებით შესწავლას საჭიროებს, რბილად რომ ვთქვათ. ისე, საერთოდ, პოლიციელებს ჩხუბი-დავიდარაბა არ ეკადრებათ, ისევე როგორც პარლამენტარებს და ისევე როგორც საზოგადოების რიგით წევრებს", - თქვა ვოლსკიმ.

ტაბულას გადამღებმა ჯგუფმა სანაპიროზე შინაგან საქმეთა სამინისტროს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლების ჩხუბი შემთხვევით დააფიქსირა. ინციდენტში პოლიციის მაიორი რევაზ კაკალაშვილი, ასევე შსს-ს თანამშრომლები გივი გამეზარდაშვილი, გიორგი აფციაური და ირაკლი დარახველიძე მონაწილეობდნენ.

ისინი აცხადებდნენ, რომ ინციდენტი მეგობრული გარჩევა იყო და გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია ტაბულას ჟურნალისტის შეტყობინების შემდეგ მივიდა. მათთან ხმამაღალი საუბრისას, ინციდენტში მონაწილე პირები შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს აგინებენ. 

ადგილზე რამდენიმე უცხო ავტომობილიც გამოჩნდა, რომლებმაც ჩხუბის მონაწილეები წაიყვანეს, თუმცა, მათ საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

კომენტარები