პოლიციელების ჩხუბი

შსს: პოლიციელების ჩხუბის ფაქტზე გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარჯვენა სანაპიროზე შსს-ს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლების ჩხუბის ფაქტზე გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. 

ტაბულას კითხვაზე, დარჩებიან თუ არა აღნიშნული პირები თანამდებობებზე, პრესსამსახურმა უპასუხა - ”ჯერჯერობით იკვლევს გენერალური ინსპექცია. შესაბამისად, გადაწყვეტილებები მოგვიანებით იქნება ცნობილი”.

შეგახსენებთ, რომ ტაბულას გადამღებმა ჯგუფმა სანაპიროზე შინაგან საქმეთა სამინისტროს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლების ჩხუბი შემთხვევით დააფიქსირა. ინციდენტში პოლიციის მაიორი რამაზ კაკალაშვილი, ასევე შსს-ს თანამშრომლები გივი გამეზარდაშვილი, გიორგი აფციაური და ირაკლი დარახველიძე მონაწილეობდნენ.

ისინი აცხადებდნენ, რომ ინციდენტი მეგობრული გარჩევა იყო და გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია ტაბულას ჟურნალისტის შეტყობინების შემდეგ მივიდა. მათთან ხმამაღალი საუბრისას, ინციდენტში მონაწილე პირები შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს აგინებენ.

ადგილზე რამდენიმე უცხო ავტომობილიც გამოჩნდა, რომლებმაც ჩხუბის მონაწილეები წაიყვანეს, თუმცა, მათ საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

ტაბულა ინციდენტის ამსახველ სრულ ვიდეომასალას გთავაზობთ.

კომენტარები