პოლიციელების ჩხუბი

შსს-მ ჩხუბში მონაწილე პოლიციელები სამსახურიდან გაათავისუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გუშინდელ ინციდენტში მონაწილე შსს-ს ოთხივე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელების ჩხუბი ტაბულას გადამღებმა ჯგუფმა შემთხვევით დააფიქსირა.

"გენერალური ინსპექციის დასკვნით, თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლები ირაკლი დარახველიძე, რევაზ კაკალაშვილი, გივი გამეზარდაშვილი და კადრების განკარგულებაში მყოფი დავით კანდელაკი დათხოვნილები არიან სამსახურიდან. ოთხივე თანამშრომელს, „შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის შეეფარდათ დისციპლიური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა" - აცხადებს შსს.

ტაბულას გადამღებმა ჯგუფმა სანაპიროზე შინაგან საქმეთა სამინისტროს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლების ჩხუბი შემთხვევით დააფიქსირა. ინციდენტში პოლიციის მაიორი რევაზ კაკალაშვილი, ასევე შსს-ს თანამშრომლები გივი გამეზარდაშვილი, გიორგი აფციაური და ირაკლი დარახველიძე მონაწილეობდნენ.

ისინი აცხადებდნენ, რომ ინციდენტი მეგობრული გარჩევა იყო და გადამღებ ჯგუფს მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია ტაბულას ჟურნალისტის შეტყობინების შემდეგ მივიდა. მათთან ხმამაღალი საუბრისას, ინციდენტში მონაწილე პირები შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს აგინებენ. 

ადგილზე რამდენიმე უცხო ავტომობილიც გამოჩნდა, რომლებმაც ჩხუბის მონაწილეები წაიყვანეს, თუმცა, მათ საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

კომენტარები