საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლება სააკაშვილს პუტინის მტრად აღიარებს და, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ფიზიკურადაც გაუსწორდებოდა. ვაშაძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მიხელ სააკაშვილზე, დავით კეზერაშვილსა და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებზე რუსეთმა შესაძლოა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს.
"რუსეთის ხელისუფლება სააკაშვილს პირდაპირ აღიარებს პუტინის მტრად. გამოძიება კი არა, ფიზიკურადაც გაანადგურებს, თუკი ამის შესაძლებლობა ექნება. რუსეთს რაც უნდა ის გააკეთოს და გამოიძიოს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მათი გამოძიების მასალებზე დაყრდნობით, ჩვენი ხელისუფლება არ დაიწყებს გამოძიებას ახალი მუხლით, რადგან გვაქვს მსგავსი პრეცედენტი, როცა ხურჩის საქმესთან დაკავშირებით ჩვენს ხელისუფლებას გამოძიების მასალებში სეპარატისტული ხელისუფლების ჩვენებები აქვთ ჩადებული მტკიცებულებად”, - აცხადებს გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის განცხადებით, მოსკოვი არ გამორიცხავს საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებზე. მისი თქმით, "გამოძიების მონაცემებით, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ქვეყნის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სხვა პირები, მიზნად ისახავდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ოსების სრულ განადგურებას". როგორც იტარ-ტასს ვლადიმირ მარკინმა უთხრა, სწორედ ქართულმა მხარემ მოახდინა სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება.





