რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

აბაშიძე: რუსეთთან ფრენის აღდგენას ხელს პანდემია უშლის, სხვა ფაქტორს ვერ ვხედავთ

agenda.ge

"ჩვენ ვთვლით, რომ ამ ავიარეისების აღდგენას ხელს უშლის პანდემიის სიტუაცია და სხვა ფაქტორებს ხელისშემშლელს ჩვენ აქ ვერ ვხედავთ" - ასე შეაფასა პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო უწყების წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ორმხრივი კავშირების აღდგენა ორივე ქვეყნის ინტერესებშია. რუსეთი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება "წარსული გამოცდილებიდან გაკვეთილებს ისწავლის და რუსეთის მიმართ უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას" გაატარებს.

"როგორც კი ეს ვითარება მეტნაკლებად შეიცვლება უკეთესობისკენ, ვფიქრობთ, რომ ამ საკითხის განხილვა შესაძლებელია. ადრეც არაერთხელ გვითქვამს, რომ  მივესალმებოდით პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას თუ რუსეთის მხარე იქნება ამისთვის მზად, სხვა ხელისშემშლელ ფაქტორს ჩვენი მხრიდან ჩვენ ვერ ვხედავთ" - ამბობს აბაშიძე რუსთავი ორთან საუბარში.

2019 წლის 201 ივნისს, გავრილოვის ღამის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის დროებით შეწყვეტის შესახებ. ბრძანებაში ნათქვამი იყო, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და "დანაშაულებრივი და უკანონო ქმედებებისგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაცვის მიზნით" მიიღეს. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 21 იანვრის წერილს, სადაც ავიამიმოსვლის აღდგენის პირობებზეა საუბარი, საქართველოს საგარეო უწყება ამ დრომდე არ გამოხმაურებია. პრესცენტრში მედიას კომენტარისთვის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან ამისამართებენ. რუსეთი საქართველოსთან ფრენების აღდგენის პირობებად "საქართველოში ვითარების სტაბილიზებას", "რუსოფობიური კამპანიის შეჩერებას" და რუსეთის მოქალაქეების "უსაფრთხოების უზრუნველყოფას" ასახელებს.

"ასევე, შეუძლებელია უგულებელვყოთ სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები