საქართველო-გერმანიის ურთიერთობა

მერკელი: საქართველოს მთავრობის მიდგომა რუსეთის მიმართ პრაგმატულია

fb.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ურჩევნია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხში იმას ენდოს, რასაც პრემიერი ღარიბაშვილი მოუყვა - რომ საქართველო ცდილობს ამ საკითხის ნაბიჯ-ნაბიჯ ნორმალიზებას.

მერკელის თქმით, ეს რთული პროცესი იქნება და ამის მაგალითად გერმანიის გაერთიანების გამოცდილება მოიყვანა. ანგელა მერკელის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული მხარე, ადამიანების მიმართ დამოკიდებულება.

მან ასევე თქვა, რომ ფიქრობს, საქართველოს მთავრობის კურსი ძალიან პრაგმატულია, განსაკუთრებით მისი მიდგომა რუსეთისადმი.

”ეს დაეხმარება ადამიანებს როგორც აფხაზეთში, ისე ოსეთში, ჩვენ ძალიან დაწვრილებით ვილაპარაკეთ იმ სიტუაციაზე, რომელშიც არიან ადამიანები ამ რეგიონებში. გერმანია და განსაკუთრებით ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს დაუჭერენ, რომ ამ რეგიონების მოსახლეობისთვის ცხოვრება გახდეს უფრო ადვილი”, - თქვა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა ეს ყველაფერი რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. ანგელა მერკელს შტაინმაიერის გეგმასთან დაკავშირებით ჰკითხეს აზრი - თუ რა ეტაპზეა ის აფხაზეთში განვითარებული მოვლენების ფონზე.

შეგახსენებთ, რომ შტაინმაიერის გეგმა არის 2008 წლის აგვისტოს ომის წინანდელი გეგმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ომამდე ცოტა ხნით ადრე, 19 ივლისს ეწვია. მან სამშვიდობო, სამპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა: 1. შეთანხმებების გაფორმება ძალის გამოყენებაზე უარის თქმისა და დევნილთა დაბრუნების თაობაზე. 2. აფხაზეთის ეკონომიკური რეაბილიტაცია. 3. აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა მოლაპარაკებების გზით.

თბილისმა გეგმა მოიწონა, თუმცა ის სოხუმსა და მოსკოვში უარყვეს. აფხაზურმა მხარემ მოლაპარაკებების წინაპირობად კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანა დაასახელა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი თქვა, რომ დევნილების დაბრუნება აფხაზეთში ნაადრევი იყო.

 შენიშვნა: მასალა მომზადებულია თარჯიმანზე დაყრდნობით.

კომენტარები