საქართველო-გერმანიის ურთიერთობა

პრემიერი: MAP-ზე საუბარი აღარ არის

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "MAP-ზე საუბარი აღარ არის". ასე უპასუხა პრემიერმა ტაბულას ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, თუ რაში გამოიხატება გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის სრული მხარდაჭერა უელსის სამიტზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, "ირაკლი ღარიბაშვილის და გერმანიის კანცლერის სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო NATO-ს უელსის სამიტი. ანგელა მერკელმა საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა". ტაბულას ჟურნალისტმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, "კონკრეტულად რაში გამოიხატება ანგელა მერკელის მხარდაჭერა და კვლავ არის თუ არა საქართველოს მთავრობის მიზანი MAP-ის მიღება".

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "მე მგონი, თქვენ ალბათ ჩამორჩით მოვლენებს, იმიტომ რომ MAP-ზე საუბარი აღარ არის". მისივე თქმით, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა შეიმუშავეს პაკეტი, რომლის განხილვაც მიმდინარეობს და სწორედ ამ პაკეტის ირგვლივ იყო საუბარი.

"ამის გარდა, ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ყოფილა გერმანიის მთავრობასთან ასეთი ინტენსიური კონტაქტი. მე ორჯერ ვიყავი გერმანიაში სულ რაღაც მოკლე პერიოდში, ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი. ამას გარდა, პირველად, ათი წლის მანძილზე, ჩვენ მივიღეთ დასტური, რომ საქართველოში მომავალ წელს შედგება ქალბატონი კანცლერის ვიზიტი. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი მთავრობისთვის", - უპასუხა პრემიერმა ტაბულას.

კომენტარები