საქართველო-გერმანიის ურთიერთობა

პრემიერი: კანცლერს მივაწოდეთ ინფორმაცია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე

fb.com/GaribashviliOfficial

„მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვეთ, ძალიან ბევრი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით, რამაც რეალური შედეგი გამოიღო", - თქვა საქართველოს პრემიერმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე საუბრისას გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, კონსტრუქციულმა პოლიტიკამ აჩვენა, რომ საქართველოს კონსტრუქციული და პროგნოზირებადი მთავრობა ჰყავს:

„შეხვედრაზე ქ-ნ კანცლერს მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების თაობაზე. ჩვენი ხელისუფლების დროს - მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვეთ - ძალიან ბევრი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით, რამაც რეალური შედეგი გამოიღო და ამ კონსტრუქციულმა პოლიტიკამ აჩვენა, რომ საქართველოს ჰყავს კონსტრუქციული, პროგნოზირებადი და სტაბილური მთავრობა, რომელსაც სურს ურთიერთობის ნორმალიზება მის მეზობელ სახელმწიფოებთან და განსაკუთრებით რუსეთთან. ჩვენი მთავრობა არის აბსოლუტურად მოტივირებული, თანამიმდევრული და პროგნოზირებადი და ჩვენ ვეკიდებით პასუხისმგებლობით ჩვენს ვალდებულებებს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებზე. მან ასევე მადლობა გადაუხადა მასპინძელ ქვეყანას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

„მოხარული ვარ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ჩვენი ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი, ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. განსაკუთრებით ვაფასებთ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაზე - როგორც იცით, ჩვენ 27 ივნისს ხელს ვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას, ყველა მისი კომპონენტით, რითაც თვისებრივად ახალ საფეხურზე გადავდივართ ევროპული ინტეგრაციის პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ ასოცირების შეთანხმება კიდევ უფრო შეგვიწყობს ხელს, დავუბრუნდეთ ერთიან ევროპულ ოჯახს და გავხდეთ მისი სრულფასოვანი წევრი", - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხში, რადგან ეს „ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია დანარჩენი ევროპული ქვეყნებისთვის, რომ საქართველოში ბიზნესგარემო დღითი დღე უმჯობესდება".

საქართველოს პრემიერი გერმანიის კანცლერს რეფორმებზეც ესაუბრა:

„გავაცანით ჩემს გერმანელ კოლეგას ჩვენი მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, რომელიც აქტუალური არის ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში, მიმართული არის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ, ასევე ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის კუთხით. ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და სოციალური კეთილდღეობის კუთხით და გვჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავებთ ჩვენ შორის არსებულ ურთიერთობებს", - თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერი ქართულ დელეგაციასთან ერთად ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. ერთობლივ პრესკონფერენციას წინ უძღვოდა შეხვედრა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან.

კომენტარები