ფარული მოსმენები

ბესელია: გვარამიას შევახსენებ უკანონო ჩანაწერების გასაჯაროება დასჯადია

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას სურს გვარამიას შეახსენოს რომ ფარული ჩანაწერების განხორციელება, რეალიზაცია და გასაჯაროება სისხლის სამართლის კოდექსით არის დასჯადი. 

""რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არსებობს სხვა ფარული ჩანაწერები, სადაც არის პირადი საიდუმლოების დარღვევის ფაქტები და ეს ჩანაწერები მას აქვს. მინდა ნიკა გვარამიას უბრალოდ შევახსენო, რომ არ შეიძლება ვინმე  ფლობდეს უკანონო ჩანაწერებს. ეს ისეთივე დასჯადი ქმედებაა, როგორც ჩანაწერების უკანონოდ განხორციელება, მისი რეალიზაცია და გასაჯაროება. ეს ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით არის დასჯადი", - განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით ფარულად გაკეთებული ჩანაწერებისთვის წარდგენისთვის დადგენილი ამნისტიის სამთვიანი ვადა ამოიწურა. 

"სამთვიანი ვადა გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს უკვე სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების შენახვა", - აღნიშნა ბესელიამ. 

დეპუტატის განცხადება, ნიკა გვარამიას იმ განცხადებას მოჰყვა სადა ის ამბობდა, რომ ის აპირებს იმ ჩანაწერების გამომჟღავნებას, რომლითაც დასტურდება რომ მთავრობა საკუთარ მაღალჩინოსნებს უყურადებს. 

"ამაზე უარესი ამბების გამოაშკარავებასაც გპირდებით, აი, მერე რას მოიფიქრებთ - თქვენი საკუთარი მაღალჩინოსნები რომ გყავთ ჩაწერილი და რომ უსმენთ, იმათ რომ მოგასმენინებთ, მერე მაინტერესებს ძალიან, ესეც ჩვენ დავამონტაჟეთ, გადავიღეთ და მოვისმინეთ? აი, ეს შეკითხვები იქნება დასმული და ველოდებით უახლოეს დღეებში ამ კითხვებზე პასუხებს" - მიმართა გვარამიამ ხელისუფლებას.

"ტაბულა" დაუკავშირდა, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელს გიორგი მშვენიერაძეს, აღნიშნული საკითხზე სამართლებლივი შეფასების გასაკეთებლად. მშვენიერაძის თქმით,  საკითხის ორმხრივად შეიძლება იქნას განხილული, ერთისმხრივ კანონით ფარული ჩანაწერების გაკეთება იკრძალება, თუმცა ასევე სიტყვის თავისუფლებას იცავს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. 

"ნიკა გვარამიას აქვს უფლება არ გათქვას წყარო, ვინც მიაწოდა ინფორმაცია. ეს გარანტირებულია სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონით. ასევე გამოხატვის თავისუფლება მოიცავს უფლებას ამხილოს", - აღნიშნა მშვენიერაძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კანონი  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, მე-3 მუხლით ამბობს შემდეგს. 

1. სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

2. ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს:

გ) ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას;

დ) ცენზურის დაუშვებლობას, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და პლურალიზმს, ჟურნალისტის უფლებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს საიდუმლოობა და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები;

ი) მხილების თავისუფლებას და მამხილებელთა დაცვას;

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, მას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება 6 მაისს გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, კერძო საუბრების, კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

 

კომენტარები