ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ცესკომ ენმ-ს საარჩევნო ნომერზე "5" უარი უთხრა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო ნომერს "5" კარგავს. პარტიის განცხადებით, 5 მაისს საარჩევნო ბლოკმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ენმ და ქრისტიან კონსერვატიული პარტია, წერილობით მიმართა ცესკო-ს არჩევნებში რიგითი ნომერი "5"-ით მონაწილეობის შესახებ. თუმცა აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი მიიღო. მიზეზად, ცენტრალური საარჩევნო ცესკო საარჩევნო კოდექსის იმ ნორმას მიუთითებს, რომლის მიხედვითაც აუცილებელია საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტია იღებდეს მონაწილეობას წინა საპარლამენტო არჩევნებში. ნაციონალური მოძრაობა ცესკო-ს უარის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოცხადების შემდეგ, ხელისუფლება და სრულიად სახელმწიფო სტრუქტურები მობილიზებულია, რათა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მაქსიმალურად შეზღუდულ და პრობლემატურ გარემოში მოუწიოს კამპანიის წარმართვა. კამპანიის დასაწყისიდანვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არაერთ ხელიშეშლასა და ბარიერს აწყდება. პარტიის კანდიდატებზე ზეწოლის, მათი სამართალდამცავ ორგანოებში დაკითხვებზე მუდმივი სიარულის და უკიდურესი ზომის - დაკავებების შესახებ - საზოგადოება უკვე არაერთხელაა ინფორმირებული. სამწუხაროდ, ყოველივე ზემოაღნიშნულს კიდევ ერთი ახალი, განსაკუთრებულად პრობლემური ფაქტი შეემატა. ა.წ. 5 მაისს საარჩევნო ბლოკმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომლის შემადგენლობაში გაერთიანებულია ენმ და ქრისტიან კონსერვატიული პარტია, წერილობით მიმართა ცესკოს არჩევნებში რიგითი ნომერი "5"-ით მონაწილეობის შესახებ. თუმცა აღნიშნულ მოთხოვნაზეც უარი მიიღო. მიზეზად ცესკო საარჩევნო კოდექსის იმ ნორმას მიუთითებს, რომლის მიხედვითაც აუცილებელია საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტია იღებდეს მონაწილეობას წინა საპარლამენტო არჩევნებში" - აცხადებს ნაციონალური მოძრაობა და აღნიშნავს, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ზუსტად იგივე ნორმით (საარჩევნო კოდექსის აღნიშნული მუხლი არ შეცვლილა, ცვლილებების განხორციელების შედეგად მხოლოდ მუხლის ნომერაცია შეიცვალა) საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ნომრები მიენიჭა სამ საარჩევნო ბლოკს:

1. "ალიანსი საქართველოსთვის" ( 1. "საქართველოს რესპუბლიკური პარტია"; 2. "ახალი მემარჯვენეები"; 3. ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები"; 4. "საქართველოს გზა");

2. "ეროვნული საბჭო" (1."საქართველოს კონსერვატიული პარტია"; 2. "ხალხის პარტია"; 3. მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის");

3. "ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა" (1. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"; 2. "ჩვენ თვითონ"; 3. "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია").

"ყველა ამ ბლოკის შემადგენლობაში შედიოდა მინიმუმ ერთი პარტია, რომელსაც წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საარჩევნო ბლოკ ქართულ ოცნებას ანალოგიურ მოთხოვნაზე ცესკომ უარი უთხრა, რაც იმ არგუმენტით იქნა ახსნილი, რომ საპარლამენტო არჩევნების და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ნომრის მინიჭების საკითხი კოდექსის სხვადახვა ნაწილებით და შესაბამისად სხვადასხვა მუხლით არის განსაზღვრული და ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია. სამწუხაროა, რომ ცესკომ ვერ გაუძლო ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას და ვერ შეძლო პრინციპული და სასამართლებრივად გამართლებული პოზიციის დაცვა. ენმ იყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და ასაჩივრებს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და შეწყვეტს თავის უკანონო ქმედებას საარჩევნო ბლოკის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წინააღმდეგ, ხოლო სასამართლო კი შეძლებს დადგეს პოლიტიკურ თამაშებისა და ზეწოლაზე მაღლა და მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება", - აცხადებს ენმ.

ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადებას ცესკოც გააკეთებს.

კომენტარები