ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ნარმანიამ ქალაქის განტვირთვის 10 ახალი პროექტი წარმოადგინა

facebook.com/narmania.david

კოალიცია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ თბილისელებს საცობებისგან ქალაქის განტვირთვის 10 ახალი პროექტი გააცნო.

ნარმანიას თქმით, პროგრამის - "ახალი გზები თბილისის განტვირთვისთვის" ფარგლებში შემუშავებული პროექტები გულისხმობს პუშკინის ქუჩაზე დამატებითი ორი ზოლის გაკეთებას და გზის გადაკეტილ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, ვაშლიჯვარში, ყოფილი ინტენსიფიკაციის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სერპანტინის გაკეთებას, თბილისის ზღვის შემოვლითი გზის გაფართოებას, სანაპიროზე წარმოქმნილი საცობების განტვირთვას და სხვა.

"თბილისის მერიის მოვალეობა არსებულ რეალობაზე დედაქალაქის ინფრასტრუქტურის ოპტიმალური მორგებაა. ჩვენ თავად უნდა გადავწყვიტოთ, როგორი ქალაქი გვინდა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს უფრო ძლიერი, კომფორტული და მშვიდი თბილისი დავუტოვოთ", - თქვა ნარმანიამ.

ნარმანიამ აღნიშნა, რომ პროექტების განხორციელების შედეგად, თბილისის უბნებში გადაადგილება დროის დაკარგვისა და დაძაბულობის გარეშე იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, ყველა წარმოდგენილი პროექტი სიცოცხლისუნარიანია და განხორციელება, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მერიაში მისი მისვლისთანავე დაიწყება.

კომენტარები