ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

დავით ნარმანიამ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

კოალიცია ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ, წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია რუსთაველის გამზირზე, ახლადგახსნილ საზოგადოებრივი მხარდაჭერის დარბაზში მიმდინარეობდა. ნარმანიამ თავისი წინასაარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

"წინასაარჩევნო პროგრამაში უმნიშვნელოვანესი საკითხები ეხება იმ პრობლემებს, რაც წლების განმავლობაში დედაქალაქში დაგროვდა; ეს არის საცხოვრებლად მიმზიდველი გარემოს შექმნა როგორც ცენტრალურ ნაწილში, ასევე ბოლო წლებში შემოერთებულ დასახლებებში. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქალაქის გენერალური გეგმის მომზადებაზე, სწორ დაპროექტებაზე, გამწვანების საკითხებზე, ახალგაზრდობის და კულტურის მიმართულების განვითარებაზე. ასევე, პროგრამაში გვაქვს დედაქალაქის ქონებისა და დაფინანსების რაციონალური მართვის საკითხები", - თქვა ნარმანიამ.

ნარმანიამ ასევე განმარტა, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერის დარბაზში შედიან ის ადამიანები, რომლებსაც თბილისში არსებულ პრობლემებზე "გული შესტკივათ".

"საზოგადოებრივი მხარდაჭერის დარბაზი, ეს არის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც გული შესტკივათ თბილისში არსებულ ყველა იმ პრობლემაზე, რაც ქალაქს აწუხებს. ეს არის ჯგუფი, რომლის რეკომენდაციები ყოველთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ ეტაპზე, წინასაარჩევნოდ, არამედ შემდეგაც, როცა ქალაქის მერი ვიქნები. ამიტომ, მე დღეს მათ პროგრამის ძირითად მიმართულებებს ვაცნობ", - აღნიშნა ნარმანიამ და დასძინა, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება საზოგადოებრივი მხარდაჭერის დარბაზში მისვლა და მისი წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებების გაცნობა.

კომენტარები