ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

სამხედრო მოსამსახურეებს საარჩევნო კომისიის წევრობა და აგიტაცია ეკრძალებათ

Facebook.com

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური ინსტრუქცია დაამტკიცა. დოკუმენტი სამინისტროს მოსამსახურეებსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაზე ვრცელდება.

ინსტრუქციის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებს, მათ შორის სამინისტროს დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელებს არ აქვთ უფლება, იყვნენ საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებლები. ასევე არ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო აგიტაციაში. კანონდარღვევით მონაწილეობა იწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. კამპანიის წარმოება სამხედრო ნაწილში ან უფლებამოსილი პირის მიერ ამ ნებართვის გაცემა იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ასევე, აკრძალულია საარჩევნო პლაკატების განთავსება/გაკვრა სამინისტროს, აგრეთვე სამხედრო შენაერთების შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტის მიზანია, უწყების მოსამსახურეებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი უფლება-მოვალეობები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიერ 2014 წლის 11 აპრილს გამოცემული რეკომენდაციები გააცნოს.

კომენტარები