ემზარ კვიციანის საქმე

დარჩიაშვილი: კვიციანის თავდებში ჩადგომა რუსეთის ხელში მეოთხე ბერკეტად ყოფნაა

primetimenews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი მმართველი გუნდის 35 დეპუტატის მიერ ემზარ კვიციანის თავდებში ჩადგომას არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულების ქონასა და რუსეთის ხელში მეოთხე ბერკეტად ყოფნად აფასებს. მისი თქმით, კვიციანი საქართველოს წინააღმდეგ სხვა სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა. ამას კი სახელმწიფო მოღვაწეები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ეკიდებოდნენ.

"ეს ერთ-ერთი უმთავრესი დანაშაულია, რასაც სახელმწიფო მოღვაწეები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ეკიდებოდნენ. საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას, თან სხვისი სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ. მისი მოქმედებაც, მისი საქართველოდან გასვლა რუსეთში ხდებოდა ოკუპირებული ტერიტორიებით, იქიდან გაკეთებული განცხადებები, რომ თურმე ამერიკელები არიან საქართველოში და ისინი უმაგრებენ საქართველოს ხელისუფლებას ზურგს. ეს იყო რუსული დისკურსის, რუსული შეხედულებების, რუსული ინტერესების აბსოლუტური ანალოგი. ამ დროს საქართველოს დეპუტატების თავდებობა მინიმუმ არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულებაა საკითხისადმი.

არიან ადამიანები, კვიციანს ვგულისხმობ, ვისაც სახელმწიფო წარმოუდგენია ფეოდალურ-ტომობრივ სტილში. არ ესმის არც საგარეო პოლიტიკის, არც უსაფრთხოების, არც დიპლომატიის, არც თანამედროვე მოთხოვნები და გამოწვევები, მაგრამ თუ პარლამენტშიც ასეთი ადამიანები სხედან, ეს მეოთხე ბერკეტია რუსეთის ხელში.

ამ დეპუტატების მოტივაცია არის არასახელმწიფოებრივი აზროვნებიდან რუსეთის ხელში მეოტხე ბერკეტად ყოფნამდე", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

35 დეპუტატს შორის ერთ-ერთი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარიაა. მისი თქმით, ემზარ კვიციანი არსად გაიქცევა და სწორედ ამიტომ, ის თავისუფალი იყოს.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ კი დეპუტატების მიერ კვიციანის თავდებში ჩადგომა "ჰუმანიტარულ ჟესტად" შეაფასა.

კომენტარები