ემზარ კვიციანის საქმე

ბესელია: კვიციანი სიაში ვერ მოხვდებოდა და ამიტომ ვერც ვერავინ ამოიღებდა სიიდან

პარლამენტის ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მის მიმართ ემზარ კვიციანის ოჯახის წევრების ბრალდება უარყო, რომელთა თქმით, ბესელიამ ამნისტრებულ პატიმრთა სიიდან კვიციანი რამდენჯერმე ამოიღო.

ეკა ბესელიას თქმით, როდესაც კომისია პარლამენტში პოლიტპატიმრების საქმეებზე მუშაობდა, კვიციანის წარმომადგენლებს არ შეუტანიათ დადგენილ ვადაში მასალები, შესაბამისად, ის ვერ მოხვდებოდა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში და ვერც ვერავინ ამოიღებდა მას ამ სიიდან.

“როდესაც კომისია პარლამენტში მუშაობდა პოლიტპატიმრების და პოლიტდევნილების საქმეებზე, 1-ლი ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ამ ვადაში მის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ შემოტანილი მასალები. კვიციანთან დაკავშირებით განცხადება და მასალები მანდატის დასრულების შემდეგ შემოვიდა, ანუ როდესაც კომისიამ დაასრულა მუშაობა. შესაბამისად, ის სიაში ვერ მოხვდებოდა და ვერც ვერავინ ვერ ამოიღებდა სიიდან”, - აღნიშნა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, მას შემდეგ, რაც სპეციალურად შექმნილი კომისიის მუშაობის ვადა ამოიწურა, კომისიამ გააგრძელა იმ განცხადებებზე მუშაობა, რომლებიც ვადის ამოწურვის შემდეგ შევიდა პარლამენტში, მათ შორის, ემზარ კვიციანის საქმეზეც.

“ჩვენ გავაგზავნეთ მთავარ პროკურორტან თებერვლის თვეში 31 საქმე, მათ შორის იყო ემზარ კვიციანის საქმეც, სადაც მივუთითეთ, რომ ამ საქმეებში იკვეთებოდა სავარაუდო პოლიტიკური მოტივი, იყო პროცესუალური დარღვევები, რომლებიც წინა პერიოდში იყო ჩადენილი და საჭირო იყო ამ ფაქტების გადამოწმება და სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება”, - ამბობს ბესელია.

ზუგდიდის საოლქო სასამართლომ ემზარ კვიციანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. კვიციანის ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება პროკურორის მხრიდან ზეწოლის შემდეგ მიიღო. დაცვის მხარე განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებას აპირებს. 

კვიციანი სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობაში იყო ბრალდებული და 2006 წელს მას დაუსწრებლად მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. 2013 წლის თებერვალში თბილისში დაბრუნების შემდეგ ის აეროპორტშივე დააკავეს. მისი და მაშინ ამობდა, რომ კვიციანს ქართული ოცნების ხელისუფლების ქვეშ სამართლიანი სასჯელაღსრულების იმედი ჰქონდა.

2014 წლის აპრილში პარლამენტის ადამიანთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პროკურატურას ხელახალი გამოძიებისთვის 31 ადამიანის სია გადაუგზავნა. კომიტეტის დასკვნის მიხედვით, სიაში მოხვედრილ ადამიანებს პოლიტიკური მოტივით დევნიდნენ. ამ 31 ადამიანიდან ერთ-ერთი სწორედ ემზარ კვიციანი იყო.

კომენტარები