ემზარ კვიციანის საქმე

ადვოკატი: პროკურატურას კვიციანის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია

ემზარ კვიციანის ადვოკატის რეზო კახნიაურის განცხადებით, ყოფილ რწმუნებულს საპატიმრო ვადა 28 ივნისს ეწურება, თუმცა, საქმე სასამართლოს ჯერ არ გადასცემია. როგორც ადვოკატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, "ეს იმისკენ მიანიშნებს, რომ პროკურატურას კვიციანის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია". ადვოკატმა უნდობლობა გამოუცხადა პროკურორებს თენგიზ ხარებავას და თენგიზ ჭითაშვილს და აღნიშნა, რომ “პროკურორებს რასაც დაავალებენ, იმას ასრულებენ". მისი თქმით, დაცვის მხარე პროკურორების აცილებას მოითხოვს. 

ადვოკატ რეზო კახნიაურის თქმით, "პროკურატურამ ყველა ბრალდების მოხსნა ვერ გაბედა, თუმცა ამას სასამართლო გააკეთებს".

“ემზარ კვიციანის წინააღმდეგ ბრალდებები თითქმის ყველა უწყებას ცალ-ცალკე ჰქონდა, მას აბრალებდნენ თაღლითობას, ტერორიზმს, ეს ყველაფერი მისი დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული. ყველა უწყებაში დაწყებული საქმეები 2014 წელს გაერთიანდა და კვიციანს ბრალი ედება უკანონო ფორმირების შექმნასა და შეიარაღებული ამბოხების მოწყობაში სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხოლო კიდევ 7 ბრალდება, რაზეც იყო საუბარი გამოძიების პროცესში, არ დადასტურდა”, -  აცხადებს კახნიაური.

ემზარ კვიციანის მიმართ წარდგენილი ორივე ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება და ერთი 12–წლამდე, ხოლო მეორე 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები