ემზარ კვიციანის საქმე

სასამართლო: კვიციანის განაჩენის შესახებ ბესელიას განცხადება ზეწოლის მცდელობაა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეფასებით, უმრავლესობის დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადება ემზარ კვიციანის განაჩენთან დაკავშირებით, სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაა. უზენაესი სასამართლო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის განცხადებების გავრცელებისგან.

"ემზარ კვიციანის მიმართ გამოტანილ განაჩენს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მათ შორის გახლდათ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადება, სადაც პარლამენტარი აცხადებს, რომ "საქმეში იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი, იყო პროცესუალური დარღვევები, რომელიც წინა პერიოდში იყო ჩადენილი და საჭირო იყო ამ ფაქტების გადამოწმება. იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ყურადღებით განიხილავს ყველა იმ გარემოებას და ფაქტს, რომელიც ამ საქმეში არის და მიიღებს სამართლიან და ობიექტურ გადაწყევტილებას".

სასამართლო შეახსენებს ქალბატონ ეკა ბესელიას და ამ საქმით დაინტერესებულ ყველა პირს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს წარმოდგენილი მასალების გამოკვლევის შემდეგ მხოლოდ კანონზე და მოსამართლის შინაგან რწმენაზე დაყრდნობით. ამ გადაწყვეტილების შემოწმება მხოლოდ ზემდგომი ინსტანციის უფლებამოსილებაა და სააპელაციო სასამართლოს არავისგან არ სჭირდება მითითება, თუ როგორ უნდა შეისწავლოს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი. ამიტომ, როცა პარლამენტარი ამბობს, რომ საქმეში იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი და მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს სააპელაციო სასამართლოს, ეს უკვე არის სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა.

პარლამენტარი, პირველ რიგში, თავად უნდა იძლეოდეს სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ პატივისცემის მაგალითს. სასამართლო ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ შეწყდება სააპელაციო სასამართლოს მისამართით ზეწოლის შემცველი განცხადებები და საზოგადოება და პოლიტიკოსები ერთად დაელოდებიან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

კოდორის ყოფილ რწმუნებულს ემზარ კვიციანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები