ჟურნალისტების დაკავება

რატიანი: TV3-ის გადამღები ჯგუფი ცხინვალში, სავარაუდოდ, ჯერ არ გადაუყვანიათ

radiotavisupleba.ge

შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის გოჩა რატიანის განცხადებით, TV3-ის გადამღები ჯგუფი ერთ-ერთ რუსულ საგუშაგოზე იმყოფება. მისივე ინფორმაციით, ცხინვალში ისინი, სავარაუდოდ, ჯერ არ გადაუყვანიათ. აღნიშნულ ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

"დაგვიდასტურეს, რომ რუსებს ჰყავთ დაკავებული. ცხინვალში ჯერჯერობით არ არიან გადაყვანილები. ამ ეტაპზე მათი მხრიდან არანაირი მოთხოვნები არ არის წამოყენებული. პირიქით, ჩვენ დავაყენეთ დაკავებულთა სასწრაფოდ გათავისუფლების მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები უახლოეს პერიოდში არ გათავისუფლდებიან, ჩვენ უკვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვიმუშავებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებაზე და პირველ რიგში საქმის კურსში ჩავაყენებთ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს", - აღნიშნა გოჩა რატიანმა.

რატიანის ინფორმაციით, TV3-ის გადამღები ჯგუფის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს.

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები დააკავეს. დაკავებულია ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი.

TV3-ის ცნობით, გადამღები ჯგუფი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.

კომენტარები