აქცია პარლამენტთან

მმკ-ის ორგანიზებით, სასულიერო და საერო პირებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ყოფილი პარლამენტის შენობის წინ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ორგანიზებით, სასულიერო და საერო პირებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, 17 მაისს კინოთეატრ რუსთაველში დაგეგმილია ჰომოსექსუალთა ცხოვრების ამსახველი ფილმის ჩვენება, რაც ჰომოსექსუალობის პროპაგანდას ნიშნავს.

სასულიერო პირები ხვალ საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის წერილით მიმართავენ.

"გთხოვთ, აიკრძალოს საქართველოში ჰომოსექსუალიზმისა და ყოველგვარი გარყვნილების ქადაგება, როგორიცაა ლგბტ აღლუმები და საჯარო მსვლელობები. ასევე გთხოვთ აკრძალოთ ჩვენება ახლად გადაღებული ქართული ფილმისა ქართველ ჰომოსექსუალებზე. ეს ყველაფერი გამიზნულია ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდებისა და მთლიანად ერის გასარყვნელად და გადასაგვარებლად. პარლამენტის წევრებს ვთხოვთ კანონით აკრძალონ ლგბტ პროპაგანდა ქუჩებში, საჯარო ადგილებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში", - აღნიშნულია სასულიერო პირების მიმართვაში.

კომენტარები